დავით უსუფაშვილის მიერ ”ქართული ოცნების” ”ნაციონალურ მოძრაობასთან” შედარებას, ერთპარტიული მმართველობისკენ მიდრეკილებასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი შეურაცხყოფად აფასებს. ვოლსკიმ ამის შესახებ Palitranews-ის გადაცემა ”360 გრადუსში” განაცხადა. ვოლსკის თქმით, "რესპუბლიკელების" ლიდერს ასეთი ფიქრები და ეჭვები პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს არ ჰქონია.
”პარლამენტის თავმჯდომარე როდესაც იყო, მას ასეთი ფიქრი არ ჰქონია და არც ასეთი ეჭვები. რომ არსებობდეს ასეთი დარგი _ პოლიტიკური ფილოსოფია, დათო წარმატებული ლექტორი იქნებოდა, მაგრამ ეს ფილოსოფია იყინება მაშინ, როდესაც გადავხედავთ, თუ როგორ მოვედით ერთად. მე ვაფასებ იმ თანამშრომლობას, რამაც შესაძლებელი გახადა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კანონების მიღება, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, ქვეყნის მართვის ახალი, რევოლუციური სისტემა შევქმენით ერთად, საკონსტიტუციო საკითხზე შესანიშნავად იმუშავა ვახტანგ ხმალაძემ და არა მარტო ამ საკითხზე, შესანიშნავი ფინანსისტი ჰყავთ ნოდარ ებანოიძე და სხვებიც, მაგრამ, როგორც კი საქმე იქამდე მივიდა, რომ პარტიული ოპონირების რეჟიმში გადავედით, ეს დიაპაზონი დაპატარავდა, დათოსი მიკვირს, სხვისი არ გამიკვირდებოდა. ყოველ წუთში იმის ძახილი, რომ ესენი არიან მთავარი ძალა, ბიძინა ივანიშვილი მათ აზრებს ითვალისწინებს, რომ სანამ ჩვენ ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ვკამათობდით, მათ მინისტრები დანიშნეს, არასწორია”, _ განაცხადა გია ვოლსკიმ.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, დავით უსუფაშვილი შესანიშნავად იცნობს ბიძინა ივანიშვლის ტიპაჟს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაზე მეტს ფიქრობს, ვიდრე პარტიის ინტერესებზე და მის ამ თვისებებს პატივს სცემდა უსუფაშვილი.
"ივანიშვილი სხვა ტიპაჟია, იგი უფრო მეტს ფიქრობს ქვეყნისთვის, ვიდრე პარტიულ ინტერესებში იკეტება. ეს ტიპაჟი დათოსთვის ამოუცნობი არასდროს არ ყოფილა და ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდა ბიძინა ივანიშვილის სწორედ ამ თვისებას. ამ ოპონირების პროცესში გახდა ისეთი, რომ ჩვენ "რესპუბლიკელებს" მისი ტელეფონის ნომერი გვაქვს. როცა პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ჩვენ მას ანგარიშს ვუწევდით და ახლა მისმა თანაგუნდელმა მე არ უნდა მაკადროს, რომ ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარე თურმე არაკომპეტენტურია, მაშინ როდესაც კომიტეტს, რომელსაც მისი თანაფრაქციელი ხელმძღვანელობდა, საერთოდ არ უმუშავია", _ აღნიშნა გია ვოლსკიმ.