ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა იმ დღიდანვე დაიწყეს, როცა გაიკრა. სოფელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით მჟავანაძისა და "ქართული ოცნების" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის არჩილ თალაკვაძის პლაკატებია ჩამოხეული. თავიდან, როცა პლაკატების გაკვრა დაიწყეს, გამუდმებით ხევდნენ არჩილ თალაკვაძის პლაკატებს, შემდეგ კი ასეთივე სისწრაფით ჩამოხიეს დავით მჟავანაძის პლაკატებიც. ახლა ელექტროსადენების ბოძები ყველა ერთნაირ მდგომარეობაშია _ ქაღალდის თითო ნაგლეჯია შერჩენილი.
მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ჭანიეთში, მერაბ ბერაძე ამბობს, რომ მთელი კვირის მანძილზე არჩილ თალაკვაძის პლაკატებს ხევდნენ, რომელიც ძირითადად ელექროხაზების ბოძებზე არის გაკრული, ოღონდ ხელით მისაწვდენ სიმაღლეზე იყო და ჩამოხევა ამიტომ თუ გაუადვილდათ.
დავით მჟვანაძის პლაკატები თავიდანვე სამი-ოთხი მეტრ სიმაღლეზე გააკრეს, რასაც კიბის ან სპეცილურად ჩამოსახევი საშუალების გარეშე ვერავინ მიწვდებოდა. ახლა მისი პლაკატებიც უკლებლივ ჩამოხეულია.
"რა საჭიროა ეს ყოველივე? მაგრამ ვის ესმის? ვფიქრობ, ღამით ნამოქმედარია. ხომ არ ვუყარაულებთ ვინმეს. თვითონ არ უნდა იკადრონ", _ გვითხრა ბერაძემ.
მაჟორიტარობის კანდიდატი დავით მჟავანაძე, რომელიც სოფელ ჭანიეთის მკვიდრია ამბობს, რომ პლაკატების ჩამომხევი არავის უნახავს.
"რა ვიცი, ვინ შვება? ერთნაირად ხევენ ყველა კანდიდატის პლაკატებს. ვერაფერს გეტყვით", _ თქვა მან.
ჭანიეთელები კი ამ ფაქტს იუმორით უყურებენ და აცხადებენ, რომ პლაკატების ჩამოხევაში ჩემპიონები არიან.
"პლაკატების ჩამოხევაში, ალბათ, „ჩემპიონები“ ვარ, ოზურგეთში მაინც. "სტოლბა" არ დარჩა რომ არ გაეკრათ და მერე რომ არ ჩამოეხიოთ. ძალიან მოკლე მოსაზრების ადამიანები აკეთებენ ამას და რა სიამოვნებას ნახულობენ, არ ვიცით. ასე ჩქარა საქმეს აკეთებდეს, ნეტა, ეს ხალხი", _ ამბობენ ისინი.