"ჩვენ ვერ მივცემთ იმის ფუფუნებას ივანიშვილის რეჟიმს, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ერთპარტიული მმართველობა" _ ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა“ დარჩა, ფაქტობრივად, ერთადერთ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალად, ჩვენ ვერ მივცემთ იმის ფუფუნებას ივანიშვილის რეჟიმს, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ერთპარტიული მმართველობა და უარი ვთქვათ ისეთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ბრძოლაზე, როგორიც არის პარლამენტის ინსტიტუტი. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად არათანაბარი პირობებისა, მიუხედავად გაყალბებისა და ზეწოლისა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტური ჩაივლის ძალიან მძიმე ბრძოლის ფონზე, ვიღებთ ბრძოლას. პარტია მონაწილეობას მიიღებს მეორე ტურში, ჩვენ შევალთ პარლამენტში და მონაწილეობას მივიღებთ საპარლამენტო მუშაობაში. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ტრიბუნას, გამოვიყენებთ პარლამენტს, გამოვიყენებთ კანონიერ აქციებს, ჩვენს კავშირებს უცხოეთში, რომ საქართველო არ გადაიქცეს საბოლოოდ ერთპარტიულ ქვეყნად და საქართველოში დარჩეს ოპოზიციური აზრი. აი, ამისთვის გამოიყენებს პარტია ყველა საშუალებას, მათ შორის, პარლამენტს“, _ განაცხადა დავით ბაქრაძემ.