"ყველასგან ვიღებ კონსულტაციას, მათ შორის ჩემი მეუღლისგან, ასევე, სხვადასხვა ადამიანებისგან და ყველაზე მეტად ჩემი ამომრჩევლისგან", _ ასეთი პასუხი გასცა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ სანდრა რულოვსმა ჟურნალისტებს კითხვაზე _ ეთანხმება თუ არა მისი მეუღლის, მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, პარტიის პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობის თაობაზე.
„მე არ ვარ პოლიტსაბჭოს წევრი, ამიტომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიმიღია. ყველასგან ვიღებ კონსულტაციას, მათ შორის ჩემი მეუღლისგან, სხვადასხვა ადამიანებისგან და ყველაზე მეტად ჩემი ამომრჩევლისგან. ამ დღეებში დავუბრუნდები მათ და გვექნება საუბარი, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში“, _ განაცხადა სანდრა რულოვსმა.
როგორც ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, გამარჯვების იმედი პირველსავე ტურში აქვს.
„ჯიხაშკარში იყო ძალიან დიდი გაყალბება, ამიტომ ჯერ ჩემთან პირველი ტური ისევ არ დასრულებულა. 22 ოქტომბერს ჩატარდება ორ უბანში განმეორებითი არჩევნები და დიდი იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებ პირველივე ტურში. სხვაობა არის ძალიან მცირე, თუმცა მე ამ სხვაობისაც არ მჯერა“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.