დავით რაქვიაშვილი უშიშროების საბჭოს მდივნობისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კადრია, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დავით რაქვიაშვილი წარადგინა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, მას აქვს როგორც აშშ-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ასევე რუსულ მხარესთან ურთიერთობის სერიოზული გამოცდილება.
„ბატონი დავითი არის ამ თანამდებობისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კადრი. მას აქვს სერიოზული გამოცდილება. ის იყო რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, მონაწილეობდა ჟენევის მოლაპარაკებებში, ინციდენტების პრევენციის მექანიზმში და აქედან გამომდინარე, აქვს სერიოზული გამოცდილება. ასევე აქვს როგორც აშშ-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ასევე რუსულ მხარესთან ურთიერთობის სერიოზული გამოცდილება. აშშ-ში იყო ელჩის მოადგილე – დესპანი. მე და ბატონი დავითი ფაქტობრივად, ერთად ვქმნიდით იმ ინსტიტუტს, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს. იყო გამგეობის წევრი. პიროვნულ კონტექსტში გეტყვით, რომ არის ჩემი თაობის ერთ-ერთი გამოჩენილი ალპინისტი. ეს სერიოზული პიროვნული მაჩვენებელია, რაც საჭიროა იმისთვის, რომ უშიშროების საბჭოში იმუშავო და ქვეყნის გაძლიერებას და თავდაცვისუნარიანობას ემსახურო. ბატონო დავითი ამ თვალსაზრისით მუშაობდა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებისა და დაფუძნების პროცესში. გვაქვს ახლო ურთიერთობის 30-წლიანი გამოცდილება. მას ჰყავს მეუღლე და 4 შვილი“, _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.