"ივანიშვილის მთავრობის მავნებლური პოლიტიკის შედეგად პირველ ათეულში ადგილი დავკარგეთ", _ ასე გამოეხმაურა მსოფლიო ბანკის შეფასებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ჭიაბერაშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობამ უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საკუთარ ჯიბეზე იგრძნო ეკონომიკის გაუარესება.
"ივანიშვილის მთავრობის მავნებლური პოლიტიკის შედეგად პირველ ათეულში ადგილი დავკარგეთ. შეგახსენებთ, 2012 წელს მერვე ადგილზე ვიყავით და ახლა უნდა გვიხაროდეს, რომ მეთექვსმეტე ადგილზე ვართ.
სამწუხაროდ, 2012 წელთან შედარებით უკან ვართ და ივანიშვილის მთავრობის პირობებში პროგრესიც არაა მოსალოდნელი. ის, რომ 24-ე ადგილიდან მე-16 ადგილზე გადავინაცვლეთ, ესეც ჩვენი მთავრობის რეფორმების ინერციის შედეგია.
ბოლო 4 წელია, მოსახლეობა თავის ჯიბეზე გრძნობს ყველა მიმართულებით გაუარესებას. მსოფლიოში პირველი რეფორმატორი ქვეყნის იმიჯი დავკარგეთ, რაც საინვესტიციო მიმზიდველობას ზრდიდა. ამას ეჭირა ლარიც და ეკონომიკა წინ მიდიოდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში გვაქვს ეკონომიკური კრიზისი და ინვესტიციები საკმარისი რაოდენობით არ შემოდის", _ განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.