საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" იმ პოლიტიკოსების და ორგანიზაციების სიას აქვეყნებს, რომლებიც, მათი მოსაზრებით, მედიის თავისუფლებას ყველაზე მეტად ზღუდავენ. აღნიშნულ სიაში 34 პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, ასევე პოლიტიკური და ტერორისტული დაჯგუფებები მოხვდნენ, მათ შორის "ისლამური სახელმწიფო", "თალიბანი", მექსიკური ნარკოკარტელი "ლოს სეტასი".
სიაში მოხვდნენ ერიტრეის, სუდანის, ბურუნდის, გამბიის, სირიის და კუბას პრეზიდენტები, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, ყაზახეთისა და თურქმენეთის ლიდერები.
რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც სიაში ორჯერ არის წარმოდგენილი. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გარდა, რომელსაც "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ავტორიტარულ ნაციონალისტურ ლიდერს უწოდებს, მედიის თავისუფლების მტრად დასახელებულია ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, რომელიც შეფასებულია "უხეშ ავტოკრატად".
სიაში პირველად მოხვდნენ თურქეთის, ეგვიპტის, ბურუნდის და ვენესუელის პრეზიდენტები.
"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" აღნიშნავს, რომ თურქეთის პრეზიდენტი, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაწესებით, ჟურნალისტების დაკავებით და მედიასაშუალებების დახურვით, ახლა თურქეთის თითქმის მთელ საინფორმაციო სივრცეს აკონტროლებს. ორგანიზაციის ცნობით, ამჟამად თურქეთის ციხეებში სულ მცირე 130 ჟურნალისტი იმყოფება, დახურულია 140-ზე მეტი მედიასაშუალება.