ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი ლიდერობს. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის აშშ-ის 40-ზე მეტ შტატში ხმები დათვლილია.
ბოლო მონაცემებით, დონალდ ტრამპს 244 ხმა აქვს, ხოლო ჰილარი კლინტონს 215 ხმა.
პირველი კომენტარი უკვე გააკეთა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ, რომელიც ხმის დათვლის პროცესს თვალს ქორთიარდ მერიოტში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ადევნებს.
იან კელის თქმით, როგორიც არ უნდა იყოს არჩევნების შედეგები ის, რაც არ შეიცვლება, ეს არის ძლიერი ურთიერთობა საქართველოსთან. იან კელი აცხადებს, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება მიუხედავად იმისა, აშშ-ში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ თუ დემოკრატები.
"შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ტრამპი ლიდერობს. დღეს შეერთებული შტატებისთვის განსაკუთრებული დღეა. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ხალხს, რომელიც ცვლილებებს მოითხოვს. ვფიქრობ შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არ შეიცვლება. ამას ადასტურებს კონგრესის რეზოლუცია, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს უჭერს მხარს. ჩემი მხრიდან მე ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას გავაგრძელებ, რათა საქართველოს მხარდაჭერა და არსებული ურთიერთობები შენარჩუნდეს,“- განაცხადა იან კელიმ.
ე.წ. ამერიკულ შტაბში, რომელიც ქორთიარდ მარიოტშია გახსნილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც იმყოფებოდა. მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობას და სტრატეგიულ პარტნიორობას.