მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ლარის კურსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ეხმიანება.
გოცირიძის თქმით, მთავრობის განცხადება ცუდ სიგნალებს უგზავნის ინვესტორებს, საფინანსო სექტორს და შეიძლება, გახდეს ვითარების კიდევ უფრო გაუარესების მიზეზი.
„მთავრობის ადმინისტრაცია, ფაქტობრივად, ტექნიკური სამსახური, რატომ უნდა აკეთებდეს განცხადებას ლართან დაკავშირებით? არსებობს მთავრობა ან პრემიერ-მინისტრი და მათი პოზიცია უნდა მოგვესმინა, თუ ფინანსთა სამინისტროზე ან ეროვნულ ბანკზე უფრო ”ავტორიტეტული” სიტყვა უნდოდათ რომ ეთქვათ. ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ხელისუფლებას არ აქვს სწორი წარმოდგენა ლარის გაუფასურებისა და, ზოგადად, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. კვლავ ხდება გადაბრალება გარე ფაქტორებზე და ზოგიერთ ”შიდა ძალებზე”. ამ განცხადებით ვგებულობთ, რომ მთავრობა რაღაცას აპირებს და უნდა ველოდოთ მორიგ განცხადებას. მინიშნებებია რაღაც რეგულაციებზე. ეს არცაა გასაკვირი, როცა ახალ-ახალი მარეგულურებელი ნორმების შემოღება ამ მთავრობის ჩვეული წესი იყო და დიდწილად მან შეუწყო ხელი არსებული ვითარების ჩამოყალიბებას. ლარი ყოველგვარი ზედმეტი რეგულირების გარეშე ათი წელიწადია იყო სტაბილური. მთავრობის განცხადების სულისკვეთება არის დამაბნეველი, ცუდ სიგნალებს უგზავნის ინვესტორებს და საფინანსო სექტორს და შეიძლება გახდეს ვითარების კიდევ უფრო გაუარესების მიზეზი. რაც შეეხება დაპირებას ჯანსაღი ბიუჯეტის შესახებ, კარგია, რომ ოთხი წლის შემდეგ მაინც გააცნობიერეს მისი მნიშვნელობა მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის საქმეში. ველოდებით პარლამენტში. აღდგომა და ხვალეო!“, _ აცხადებს რომან გოცირიძე.
ამავე თემაზე: რას აცხადებენ ლარის კურსთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში