15 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა.
მთავარი საკითხი პირველი ლიგის მორიგ მატჩზე მიღებული უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიში იყო. 8 ნოემბერს, ხონის "იმერეთისა" და ცხინვალის "ლიახვის" მატჩის შედეგზე (5:1) მოხდა საეჭვო მანიპულირება, რასაც თფა-ს რაპორტი ადასტურებს. სადისციპლინო კომიტეტი დამატებით გაეცნო ფირს, მოუსმინა მხარეებს და გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება:
მატჩის შედეგი გაუქმდა. ხონის "იმერეთი" რაპორტში ზედიზედ მეორედ მოხვედრისა და სხვა მამხილებელი გარემოებების გამო მოხსნილია გათამაშებიდან, გაუნულდა აქამდე დაგროვილი ქულები და დარჩენილ მატჩებში ჩაეთვლება 0:3 წაგება. გუნდის მენეჯერ სოსო ჩაკვეტაძეს სამუდამოდ აეკრძალა ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა.
ცხინვალის "ლიახვი" დაჯარიმდა 10 000 ლარით და ჩამოაკლდა 6 ქულა.
სადისციპლინო კომიტეტის განცხადებით, ფედერაციას მიეცა მითითება, რომ გააგრძელოს მუშაობა სხვა შესაძლო დამნაშავე პირების გამოვლენისა და შუამდგომლობის წარმოდგენის შესახებ.