მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის პირობებში 13 ქალია მოკლული, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და მოუწოდა მთავრობას და პარლამენტს, ხელი შეუწყონ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის საკითხებზე ევროსაბჭოს კონვენციის რატიფიცირება. უჩა ნანუაშვილი იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, მოახდინონ ფემიციდის, როგორც გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობის დეფინიციის განსაზღვრა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში.
”ჩვენი შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ხშირ შემთხვევაში არ ხდება ძალადობის განმეორების რისკის შეფასება და მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება. არსებული გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანია, რომ ძალადობის საქმეთა შესწავლისას გათვალისწინებულ იქნას ქვეყანაში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული მძიმე ვითარება და ყველა შემთხვევაზე ქმედითი ღონისძიებები გატარდეს”, _ განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.