დღეს ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ქალაქის მერის ინიციატივით შედგა და მიზნად ურთიერთთანამშრომლობას, ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირებას და სამოქალაქო სექტორის მხრიდან რეკომენდაციების მიწოდებას ისახავდა.
საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბეგლარ სიორიძემ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან დასმულ ყველა შეკითხვას არგუმენტირებულად უპასუხა და მათთვის საინტერესო საკითხები ამომწურავად განმარტა.
შეხვედრაზე საუბარი ქალაქის მერიის მიერ დაგეგმილ პროექტებს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივებს, ქალაქის გარეუბნებში ქუჩების რეაბილიტაციასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა.
შეხვედრის შედეგებით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მერის ინიციატივა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები სამომავლო თანამშრომლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ბეგლარ სიორიძე, ქალაქის მერი:
"მართლაც ნაყოფიერი შეხვედრა იყო. არასამთავრობო სექტორმა რამდენიმე საინტერესო საკითხი დასვა, რომელსაც ქალაქის მერია აუცილებლად გაითვალისწინებს. თუ მსგავსი ტიპის შეხვედრებს უფრო ხშირ ხასიათს მივცემთ, დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ისეთი ტიპის შეთანხმებებს, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის სარგებლობის მომტანი იქნება". (R)