"აქტიურად ვიმუშავეთ და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების უმრავლესობაში 10%-ით შევამცირეთ შრომის ანაზღაურების ფონდი, ასევე, 10%-ით შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები," _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ ორგანიზაციებს შეეხო ხარჯების შემცირება, თუმცა, როგორც გავარკვიეთ, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში, ამ მიმართულებით რამდენიმე ცვლილება შეიტანეს.
ქალაქ ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძის თქმით, 2017 წლის ბიუჯეტში, მერიის ხარჯი 148 ათასი ლარითაა შემცირებული.
_ დიდი წილი სახელფასო ანაზღაურებაზე მოდის _ პრემია აღარ იქნება საერთოდ, _ გვითხრა სიორიძემ, რომლის თქმით, სახელფასო ფონდის შემცირება არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირებშიც იგეგმება.
მომავალი წლიდან, აიპ-ებში შტატების შემცირებას გეგმავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძეც. მისი თქმით, 2017 წელს პრემია არ გაიცემა:
_ პრემია წელს არ გაგვიცია და არც მომავალშიც ვგეგმავთ. რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯს, ეს დიდი ხანია შეჩერებული გაქვს, _ გვითხრა ჭანუყვაძემ.
სახელფასო ფონდის შემცირება დაგეგმილი არ აქვთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში:
_ პრემიერის განცხადება თვითმმართველობებს არ ეხება, თუმცა, ჩვენ წელს არც პრემია გაგვიცია და არც ადმინისტრაციული ხარჯი გაგვიზრდია. მომავალი წლის ბიუჯეტსაც ამ მიდგომით დავგეგმავთ _ მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, მეტი სოციალური პაკეტების დაფინანსება და რა შესაძლებლობაც იქნება, იმ შესაძლებლობის ფარგლებში ნაკლები ადმინისტრაციული ხარჯი, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ჩოხატაურის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ.
იგი ამბობს, რომ ცვლილებები იქნება ააიპ-ებში:
_ არ არის გამორიცხული, მოხდეს რეორგანიზაცია ან გამსხვილება ოპტიმიზაციის კუთხით, თუმცა, საბოლოოდ ჩამოყალიბებულები არ ვართ. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში უკვე შეტანილი გვაქვს და ველოდებით შენიშვნებს. ასევე, ფინანსთა სამინისტროდან მოგვივა პარამეტრები და შესაბამისად, ჩოხატაურის მომავალი წლის ბიუჯეტი ამის გათვალისწინებით შედგება, _ გვითხრა კუჭავამ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯი მკვეთრად არის შემცირებული:
_ ბიუჯეტს ახლა გავდივართ, თუმცა, დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ადმინისტრაციული ხარჯი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. რაც შეეხება სახელფასო ფონდს, ამ საკითხზე ვმუშაობთ და ალბათ, ამ ნაწილშიც იქნება შემცირება, _ თქვა ურუშაძემ.
ლანჩხუთის გამგებელი შემცირებებს არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირებშიც გეგმავს:
_ რა ტიპის შემცირება იქნება, ჯერ ვერ გეტყვით. ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ. ან ხელფასები შემცირდება, ან _ შტატები. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს სამუშაო ვარიანტია და ამ ეტაპზე, დაზუსტებით არაფრის თქმა არ შემიძლია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ურუშაძემ.
ჯერჯერობით, არ იცის, რა ტიპის ხარჯები უნდა შეამციროს გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ. მხარის პირველმა პირმა მხოლოდ ის იცის, რომ ეს შემცირება ხელფასებს არ შეეხება:
_ ჩვენთან ბიუჯეტი 10 პროცენტით მცირდება, თუმცა, ეს სახელფასო ფონდს არ შეეხება. ჯერ ზუსტად არ ვიცით, რა კუთხით მოხდება შემცირდება.
_ ბატონო გია, ესე იგი, ხარჯების შემცირება იგეგმება, თუმცა, ეს არ შეეხება პრემია/დანამატებს?
_ პრემია და დანამატები წელიწადში ერთხელ გვქონდა და ალბათ, მაგასაც ვეღარ გავცემთ. ხელფასი არ შემცირდება. აქ საუბარია სხვა ტიპის დანახარჯების შემცირებაზე. მაგალითად, საწვავი, ავეჯი…
_ პრემიერ-მინისტრმა გარკვევით თქვა, რომ ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების უმრავლესობაში სახელფასო ფონდი 10 პროცენტით შემცირდა…
_ მსგავსი განკარგულება ჩვენთან არ მოსულა. თუ მოვა, ბუნებრივია, დავემორჩილებით.
_ თქვით, რომ პრემია/დანამატებს წელიწადში ერთხელ გასცემთ. თუმცა, ჩვენ სხვა ინფორმაცია გვაქვს _ თქვენ, ყოველთვიურად, ხელფასთან ერთად დანამატს არ იღებთ?
_ კი, მე ვიღებ. ჩემი ხელფასი 2 300 ლარია და დანამატთან ერთად, ხელზე ყოველთვიურად 4 300 ლარს ვიღებ. დანამატი მეძლევა მე, მძღოლს, პრესსამსახურს და ოპერატორს. ეს ჩემამდეც ასე იყო და ჩემს დროსაც გრძელდება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სალუქვაძემ, რომლის განმარტებით, ყოველთვიურ დანამატს მისი არც ერთი მოადგილე არ იღებს.
აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო თანხების შემცირების შესახებ მთავრობას ოპონენტები და ექსპერტები დიდი ხანია მოუწოდებენ. ეროვნულმა ბანკმა, ჯერ კიდევ გასულ წელს, ლარის გასამყარებლად, ხელისუფლებას ხარჯების ოპტიმალურად ხარჯვისკენ მოუწოდა.
მსგავსი მითითება ჰქონდა აუდიტის სამსახურსაც, რომელმაც გასულ წელს შესაბამისი ანგარიშიც გამოაქვეყნა:
"მისასალმებელია, რომ მთავრობამ დაიწყო მსჯელობა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების თაობაზე. აღნიშნული საკითხის სათანადო კონტროლის აუცილებლობაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის არა ერთი ანგარიში დიდი ხანია საუბრობს. კერძოდ, საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ უწყებებში საო-ს მიერ ჩატარებული აუდიტის დასკვნები ცხადყოფს, რომ მართალია პრემიების გაცემა შემცირდა, თუმცა, საგრძნობლად მოიმატა სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკამ. აუდიტის მიმდინარეობის დროს, მეტწილად საბიუჯეტო უწყებები ვერ ასაბუთებენ სახელფასო დანამატების გაცემის ფაქტობრივ თუ სამართლებრივ საფუძველს. ასევე, შრომის ანაზღაურების ხარჯები ხშირ შემთხვევაში გაიცემა არა მხოლოდ შესაბამისი საბიუჯეტო მუხლიდან, არამედ სხვა საბიუჯეტო მუხლებიდანაც. წარმოგიდგენთ მცირე ამონარიდებს საო-ს 2015 წლის საქმიანობის ანგარიშიდან: "2015 წელს წინა წელთან შედარებით, პრემიის სახით გაცემული თანხების შემცირების პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა დანამატის სახით გაცემული რესურსის მოცულობა, რაც განპირობებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 15 ივლისს მიღებული #449 დადგენილებით _ "საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ"… თუმცა, აღნიშნულის პარალელურად, გაიზარდა დანამატის სახით გაცემული საბიუჯეტო სახსრების მოცულობა და საერთო ჯამში, 2015 წელს "პრემიისა" და "დანამატის" მუხლებით გაცემული თანხების ოდენობამ 4.9%-ით (14,133 ათასი ლარით) გადააჭარბა 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს"… "შრომის ანაზღაურების" მუხლით გაცემული საბიუჯეტო სახსრები არასრულყოფილად ასახავს ამ მიზნობრიობით ათვისებული რესურსის ჯამურ მოცულობას და არ იძლევა სრულ ინფორმაციას საჯარო სექტორში შტატით გათვალისწინებული მომუშავეების მიერ წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურების შესახებ. კერძოდ, მომუშავეთა შრომის ანაზღაურებაზე ხარჯების გაწევა ხდება არა მხოლოდ "შრომის ანაზღაურების", არამედ "სუბსიდიებისა" და "სხვა ხარჯების" მუხლიდანაც, საიდანაც 2015 წელს ამ მიმართულებით ათვისებულმა თანხამ 46,205 ათასი ლარი შეადგინა", _ აღნიშნავს აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო ლომჯარია.