თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სარდიონ ღვინიაშვილი დამნაშავედ სცნო მეუღლის ნ.ს.-ს განზრახ მკვლელობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-108 -ე მუხლით, _ აღნიშნულია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 13 აპრილს, დაახლოებით, 15:45 საათზე, ქ.თბილისში, ელდარის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სარდიონ ღვინიაშვილმა ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს ნ. ს.-ს დანით ყელს არეში მიაყენა ჭრილობა. მიღებული ჭრილობის შედეგად ნ.ს. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა სარდიონ ღვინიაშვილი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11'-108-ე მუხლით (ოჯახური ძალადობით ჩადენილი განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სარდიონ ღვინიაშვილი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.