"აქამადე იყო დათქმა, რომ ყოველთვიურად ქვეყნდებოდა სტატისტიკა, მაგრამ მე მივიღე გადაწყვეტილება და მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს სტატისტიკა არ ქვეყნდება. არ არსებობს არანაირი რეეგულაცია, არანაირი მოთხოვნა და კანონი არ მავალდებულებს სტატისტიკის გამოქვეყნებას. აქედან გამომდინარე, მე მზად ვარ პასუხი გავცე ყველას, ვინც ამაზე პრეტენზიას წამომიყენებს”, _ ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
შს მინისტრის თქმით, ყბადაღებულ თემად იქცა სტატისტიკა და შს სამინისტრო, ფაქტობრივად, კედელთანაა მიყენებული და როგორც უნდათ, ისე ითვლიან სტატისტიკას.
”სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია ერთიანი არაა. ვისაც როგორ უნდა ისე ითვლის. მე მხედველობაში მაქვს ის უწყებები, რომლებიც ითხოვენ სტატისტიკას. ამ თემას მიეძღვნა შეხვედრა, რომელიც ჩემმა მოადგილემ ჩაატარა და კონკრეტულად ახსნა ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, ყბადაღებულ თემად იქცა სტატისტიკა, თითქოს ჩვენ არ ვაქვეყნებთ და ვმალავთ რამეს. არაფერს ვმალავთ. ძალიან ბევრი ინტერპრეტაციის საშუალება აქვთ ადამიანებს და როგორც უნდათ, ისე ითვლიან ამ სტატისტიკას. სტატისტიკა დაითვლება წლის ბოლოს, ისე როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება”, _ განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.