„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და მიხეილ სააკაშვილის აწ უკვე „ყოფილი მეგობარი“ გივი თარგამაძე თანაპარტიელების მიერ ყრილობის მომზადების წესებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ პარტიაში პოლიტსაბჭო აღარ არსებობს.
როგორც გივი თარგამაძე აცხადებს, „შეუცვლელი ლიდერობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსი“ მიხეილ სააკაშვილი დიდგორის ბრძოლის გამართვას საკუთარი თანაპარტიელებიუს მიმართ, 20 იანვარს, ყრილობაზე აპირებს.
„ამის უტყუარი ნიშანი ზუგდიდის შეხვედრაზე უკრაინულ ჩართვაშიც იყო – პარტიის ლიდერშიპის ნაწილი ყოფილ თანამებრძოლებად მოიხსენია, უკვე სრულიად დაუფარავად დასდო ბრალი ივანიშვილთან გარიგებაში, განსხვავებული აზრის გამო თანაპარტიელი ქალბატონი პირდაპირ გადათელა. ჰქონდა დიდგორის იდეა. ჩაუვარდა და შეუცვლელი ლიდერობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსი იქამდე მივიდა, რომ მის წარმოდგენაში ეგზისტენციალური დიდგორი 20 იანვარს, სპორტის სასახლეში, საკუთარ, თუნდაც ყოფილ, თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება. სავალალოა, ღმერთმანი”, – აცხადებს გივი თარგამაძე.
რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში „ნაციონალების“ შეკრებაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში ჩაერთო. მან ბრალი დასდო ყოფილი თანამებრძოლების ნაწილს მისი პარტიიდან გარიყვის მცდელობაში და აღნიშნა, რომ პარტიაში მიმდინარე რყევები ივანიშვილთან გარიგების და მისი თამაშის წესების მიღების შედეგია.
„რანაირად ებრძვით თქვენ ივანიშვილს, თუ იღებთ ივანიშვილის თამაშის წესებს, რომ პარტია უნდა გაემიჯნოს სააკაშვილს? ეს არის ივანიშვილთან ბრძოლა?
რაც შეეხება „ჯოგს“, ეს ჩვენს თავზე არ მიგვიღია და ”პეროიანებმა“ თუ მიიღეს თავიანთ თავზე რამე, მათი პრობლემაა. ხალხი, ვინც აქ ზის, ჯოგი არ არის. საუბარია მცდელობაზე, რომ მათ დაუძახონ ჯოგი. ის ხალხი პარლამენტში მოიყვანა ამ ხალხმა, ვისაც ისინი დღეს ჯოგს ეძახიან. როდესაც პარლამენტში მოგიყვანენ, მეორე დღესვე იმ ხალხის ფურთხება, არ არის სწორი მიდგომა”, – აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.