ევროკავშირის ელჩებმა ბრიუსელში დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება მოიწონეს. აღნიშნულ ინფორმაციას RADIO FREE EUROPE ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნების მინისტრებმა მიღებულ გადაწყვეტილებას ბეჭედი 27 თებერვალს დაარტყან.
როგორც ევროკავშირის დიპლომატებმა RADIO FREE EUROPE-ს განუცხადეს, მათ სჯერათ, რომ შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლის დაწყება მარტის ბოლოდან შეეძლებათ, ხოლო შეჩერების მექანიზმი ძალაში ამავე დროს შევა.
მაუწყებლის ცნობით, ევრო კომისიამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეკომენდაცია 2015 წელს გასცა, მაგრამ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი აღნიშნულ ინიციატივას სკეპტიციზმით შეხვდა, მათ შორის გერმანია, რომელმაც ქართული კრიმინალური ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო შეშფოთება გამოთქვა.
როგორც ცნობილია, ევროპარლამენტის წევრების უმეტესობამ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას მხარი ამ თვის დასაწყისში დაუჭირა, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში შეჩერების მექანიზმის სწრაფად ამოქმედებას გასულ კვირას დათანხმდა.
მაუწყებლის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატები ბრიუსელში 28 თებერვალს უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე იმსჯელებენ.
როგორც ცნობილია, ისინი იმედოვნებენ, რომ უკრაინის მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა ივნისიდან შეეძლებათ.