რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი გურიაში, კახეთში, საცხოვრებელი სახლები თბილისა და ოზურგეთში _ ეს შემოქმედელი მიტროპოლიტის მეუფე იოსების, ერისკაცობაში გივი კიკვაძის პირად საკუთრებაში არსებული ქონებაა.
უფრო კონკრეტულად კი მეუფე იოსები გურჯაანის რაიონის სოფელი მელაანში ფლობს 50 223 კვადრატული მეტრი მიწის ფართობს, რომელიც 2014-2015 წლებშია შეძენილი _ მიწის ნაკვეთების ნაწილი მდებარეობს ე.წ. „კოშკში“, რომელიც როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის დახმარებით გავარკვიეთ, საკმაოდ პრესტიჟული და ძვირადღირებული ადგილია. ნაკვეთების ნაწილი კი განთავსებულია ადგილზე, რომელსაც „100 ჰა-ს თავი“ ეწოდება.
ჩოხატაურში, სოფელ მეწიეთში მეუფის მფლობელობაშია 10 104 კვ. მ. მიწის ფართობი _ აღნიშნული მიწის შეძენის თარიღად საჯარო რეესტრში 2012 წელია დაფიქსირებული.
ქალაქ ოზურგეთში, 9 აპრილის ქუჩა#14-ში, მეუფე იოსები ფლობს 444. კვ. მ, სასოფლო-სამეურნეო მიწას, რომელზეც ორსართულიანი შენობაც დგას: „განაშენიანების ფართი _ 227,2 კვ.მ. საერთო ფართი_ 422,5 კვ.მ“ _ ვკითხულობთ დოკუმენტში.
შემოქმედის ეპარქიის მღვდელთმთავარი 2010 წლიდან თბილისში, გრიგოლ ხანძთელის #6-ში ფლობს 515 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთს, რომელზეც ორი შენობა დგას _ როგორც ირკვევა, საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა ქალაქ თბილისის საკრებულომ მეუფეს 2008 წლის 23 მაისს მისცა.
„გურია ნიუსმა“ გადამოწმების შედეგად გაარკვია, რომ გურჯაანში არსებულ მიწის ნაკვეთზე მეუფეს ვენახი აქვს გაშენებული, ხოლო ჩოხატაურში კი საფუტკრე მეურნეობაა განთავსებული.
იმის გასარკვევად, თუ რა ფინანსებით მოახერხა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, აუდიტის მიერ დოკუმენტების საფუძველზე შეფასებული მილიონზე მეტი ღირებულების ქონების შეძენა, ვეცადეთ მეუფეს გავსაუბრებოდით. თუმცა, უშედეგოდ _ ჩვენს სატელეფონო ზარებს მეუფე იოსებმა არ უპასუხა. მოგვიანებით, დახმარება საპატრიარქოს პროტოპრესვიტერს მამა გიორგი ზვიადაძეს ვთხოვეთ, თუმცა, მაინც არაფერი გამოვიდა _ როგორც ზვიადაძემ შეგვატყობინა, მეუფემ არც მის ზარებს უპასუხა.
პროტოპრესვიტერთან საუბრიდან რამდენიმე წუთში მეუფე იოსებს სხვა სატელეფონო ნომრით დავუკავშირდით, თუმცა, როგორც კი გაიგო, რა მიზნით ვურეკავდით, ტელეფონი გაგვითიშა. განმეორებით ზარზე ქალბატონმა გვიპასუხა, რომლის განმარტებით, შემოქმედელ მიტროპოლიტს ჩვენთან საუბარი არ სურდა.
შესაბამისად, უპასუხოდ დარჩა კითხვა _ როგორ და რატომ შეიძინა მეუფე იოსებმა ეს ქონება, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირადად მის სახელზეა რეგისტრირებული და მას საერთო არ აქვს საპატრიარქოს ან შემოქმედის ეპარქიის ქონებასთან.
აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოს მფლობელობაში გურიაში საკმაოდ ბევრი მიწა და შენობა-ნაგებობაა. ასევე, საკმაოდ დიდ ქონებას ფლობს ცალკე შემოქმედის ეპარქია, რის შესახებაც მოგვიანებით გესაუბრებით.