საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა დაიწყო. დეპუტატების განცხადებების დაწყებამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოსახლეობას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ დადებითი დასკვნის მიღება კიდევ ერთხელ მიულოცა და განაცხადა, რომ მთავარი მიზანი ევროპულ სტრუქტურებში ქვეყნის სრული ინტეგრაციაა.
„მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ ის მიღწევა, რომელიც დაკავშირებულია ვიზალიბერალიზაციასთან. ეს არის ჩვენი ქვეყნის, თითოეული მოქალაქის, ხელისუფლების, აქ მჯდომი თითოეული ადამიანის ნამდვილად ძალიან დიდი მიღწევა.
კიდევ ერთხელ, გილოცავთ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებით ნამდვილად ხელშესახები გახდება ყველა ის სიკეთე, რომელიც დაკავშირებულია ევროპულ ინტეგრაციასთან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ამ მიმართულებით ეს ბოლო წერტილი არ არის. ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ, რა თქმა უნდა, სრული ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ეს მიზანიც უახლოეს მომავალში მიღწეული იქნება", _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.