კომპანია „ფორდმა“ თავისი ინოვაციური სიახლის შესახებ მოუთხრო ავტომობილების მოყვარულებს. ახალი სისტემა მძოლს საშუალებას მისცემს უშუალოდ „ესაუბროს“ თავის ავტომობილს. პროგრამაზე "Ford"-ის კომპანია "Nuance Communications"-თან ერთად მუშაობს. ეს უკანასკნელი ხმოვანი მართვის სისტემურ წარმოებაში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა.
მწარმოებელთა მიზანი ნაწილობრივ მიღწეულია. „ფორდის“ არაერთ მოდელში უკვე ჩამონტაჟებულია "SYNC"-ის პროგრამა, რომელიც ავტომობილს სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე მძოლების ხმოვანი ბრძანებების „გაგების“ და შესრულების უნარს აძლევს. მაგალითად, საჭესთან მჯდომის მითითებით, სისტემა ტელეფონით უკავშირდება შესაბამის ადამიანს (კონტაქტების სიიდან) ან მძღოლის სურვილისამებრ რთავს შესაბამის მუსიკალურ კომპოზიციას.
აშშ-ში "SYNC"-ის სისტემა უკვე გამოიყენება. პირველი „პოლიგლოტი“ ავტომობილი, რომელიც ევროპის ბაზარზე უახლოეს მომავალში გამოჩნდება, არის "B-MAX"-ი.
„ფორდის“ ავტომობილებს ესმით ინგლისური, ფრანგული, ესპანური, პორტუგალიური, გერმანული, იტალიური, ჰოლანდიური, რუსული და თურქული ენები. ამასთან, ზოგიერთ მათგანს დიალექტების გაგების უნარიც აქვს.
მწარმოებელთა თქმით, უახლოეს მომავალში "SYNC"-ს 19 ენის აღქმის უნარი ექნება. „ფორდი“ იმედს გამოთქვამს, რომ 2018 წლისთვის „პოლიგლოტი“ ავტომობილები პოპულარობას მსოფლიო მასშტაბით მოიპოვებს. კომპანიის გამოთვლებით, მომდევნო ორი წლის მანძილზე სისტემას ევროპაში 3,5 მილიონი მძღოლი ეყოლება, მთელ მსოფლიოში კი _ 13 მილიონი მომხმარებელი.