თბილისის საქალაქო სასამართლო რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავარიაში ბრალდებულის მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც სასამართლოში განმარტავენ, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის ბრალდებულ გიორგი ჯ.-ს პატიმრობა შეუფარდა.
საქმე ეხება, 2017 წლის 24 იანვარს, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა, თანმხვედრად მიმავალი ავტომანქანის გასწრების მიზნით, გადაკვეთა ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი. სავალი გზის საპირისპირო ზოლში გადასული შეეჯახა ორ ავტომანქანას, შედეგად გარდაიცვალა ერთი პირი და დაშავდა სამი მგზავრი.
აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში”, _ აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.