“გურია ნიუსს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან უკავშირდებიან და ინფორმაციას აწვდიან დიდთოვლობის გამო გზებზე შექმნილი პრობლემების შესახებ. მოქალაქეების თქმით, სოფლებში არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ვერც მსუბუქი მანქანები გადაადგილდებიან, გაუწმენდავია შიდა გზები.
აღნიშნული ფოტოები ერთი საათის წინ არის გადაღებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაღდადში. აქ მცხოვრებლებს უკვე რამდენიმე დღეა ფეხით უწევთ, დაახლოებით, 5 კილომეტრის გავლა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ცხემლისხიდში დავით ჭანუყვაძე “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა გზების გასაწმენდად.
“ვერავინ იტყვის, რომ გზა არაა გაწმენდილი, ცენტრალური გზა ცხემლისხიდშიც და ბაღდადშიც გაწმენდილია, გუშინწინ გზის გასაწმენდად ტრაქტორი ბაღდადზე მუშაობდა. ჩიხებში ნამდვილად არ შევსულვართ, გრეიდერიც გვეხმარებოდა, მთალად სამანქანო გზა არაა, მაგრამ ორხიდიანი ტრანსპორტი მოძრაობს ჩვეულებრივად“, _ ამბობს ჭანუყვაძე.