საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ერთ-ერთი კომპანიის 10%-იან წილს მედიასაშუალებასთან ერთად ფლობს და გასულ წელს შემოსავალიც აქვს მიღებული.
აღნიშნულის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილის ქონებრივ დეკლარაციაში წერია, რომელიც მინისტრმა 2017 წლის 31 იანვარს შეაავსო.
დეკლარაციის მიხედვით, დიმიტრი ქუმსიშვილი ფლობს შპს "რეშენალ სოლუშენსის" 10%-იან წილს, საწარმოს პარტნიორი კი შპს "კვირის პალიტრაა". საწარმოს საქმიანობით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი კი, 45030 ლარია.
როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ქუმსიშვილი ამ საწარმოს პარტნიორი 2012 წლის 14 ივნისიდანაა. საწარმოს კაპიტალის ოდენობა კი, 64000 ლარია.
ცნობისთვის, "რეშენალ სოლუშენსი" ფასდაკლებების ვებ-გვერდის, hotsale.ge-ს მფლობელი კომპანიაა.
ქუმსიშვილი თავდაპირველად "რეშენალ სოლუშენსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო, მოგვიანებით კი, 10%-იანი წილის მფლობელი გახდა.
როგორც IDFI-ის იურისტი ნინო მერებაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს,
"წილის ფლობა შეუძლია და ეს კანონმდებლობით აკრძალული არ არის. ინტერესთა კონფლიქტს არ იწვევს. მანდ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ხელმძღვანელი არ უნდა იყოს კერძო სამართლის იურიდიული პირის. რადგან ხელმძღვანელი არ არის, მაშინ დივიდენდიდან მიღების უფლება აქვს", _ ამბობს იურისტი, თუმცა დასძენს, რომ "ასეთ შემთხვევაში ზოგადი კითხვის ნიშნები მაინც ჩნდება".
"კითხვის ნიშნებს აჩენს, რადგან მედიასაშუალება ახდენს გავლენას საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე. შესაბამისად, კონკრეტულ პოლიტიკოსთან და ასეთი მაღალი თანამდებობის პირთან ასოცირდება, აჩენს კითხვის ნიშნებს, რამდენად მიუკერძოებელია ეს მედიასაშუალება. გავლენებს ხომ არ აქვს ადგილი", _ აღნიშნავს მერებაშვილი.
კითხვაზე – ხომ არ არის ეს კანონმდებლობის ხარვეზი? იურისტი გვპასუხობს:
"შეიძლება ითქვას რომ ასეა. თუმცა, ყველანაირი მცირე დეტალის კანონმდებლობაში გაწერაც არ არის როგორც წესი, მთლად გონივრული, რადგან კანონი ხისტი ხდება და განმარტების საშუალებას არ იძლევა. თუმცა, ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კანონმდებლობის ხარვეზია", _ აღნიშნა მერებაშვილმა "გურია ნიუსთან" საუბრისას.
საჯარო მოხელეთა მონიტორინგის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის ივნისში დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესის წილი სამართავად მეუღლეს, ნატალია თევდორაშვილს გადასცა. ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად კი, ხელშეკრულება 6 ივნისს ნოტარიუს ეკატერინე ძულიაშვილთან გაფორმდა. კომპანიის დანარჩენ 90%-ს "შპს კვირის პალიტრა" ფლობს.
თუმცა, ქუმსიშვილის დეკლარაციაში არ არის აღნიშნული, რომ ქუმსიშვილის წილი სამართავად მის მეუღლეს აქვს გადაცემული. დეკლარაციაში წერია, რომ შემოსავლის სახით, 45030 ლარი დიმიტრი ქუმსიშვილს აქვს მიღებული.
ქუმსიშვილი მიერ 2016 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2015 წელს მინისტრის შემოსავალი ამ კომპანიიდან 39900 ლარი იყო.
შენიშვნა: თავდაპირველად, "გურია ნიუსის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი მედიასაშუალების 10%-იანი წილის მფლობელია. დაზუსტებული ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს "რეშენალ სოლუშენსი" შპს"კვირის პალიტრის" მიერ არის დაფუძნებული ("კვირის პალიტრა" კომპანიის 90%-იან წილს ფლობს) და მას მედიაპროდუქტის შექმნასთან კავშირი არ აქვს.