სახალხო დამცველმა ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში არსებული საინფორმაციო გარემოს შესახებ საჯარო დებატები გამართა. დებატები მიზნად ისახავდა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების, მედიის, საზოგადოებისა და სახელმწიფო უწყებების მონაწილეობით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ეროვნული უმცირესობების ინფორმირების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მოსახლეობა საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ძირითად ინფორმაციას კვლავ მეზობელი ქვეყნების (რუსეთი, სომხეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი) საინფორმაციო არხებიდან იღებს. ასევე, საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა ძალიან მცირე ინფორმაციას იღებს ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მიმდინარე მოვლენების, მათი პრობლემებისა თუ გამოწვევების შესახებ.
„ამგვარი საინფორმაციო გარემო აფერხებს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს და სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშესაწყობად განხორციელებული პროგრამების ეფექტურობას. ამ საკითხის გადაწყვეტის შესახებ წინადადებითა და რეკომენდაციით სახალხო დამცველმა განვლილ წლებში არაერთხელ მიმართა საქართველოს მთავრობას, რაც ასახულია საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებში“, – განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რეგულარულად ამზადებს საინფორმაციო გადაცემებს უმცირესობების 5 ენაზე, ასევე დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით თარგმნის მოამბის 20:00 და 18:00 საათიან გამოშვებებს სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და ციფრული მაუწყებლობის მეშვეობით ახდენს მათ ტრანსლირებას ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. სახალხო დამცველი აფასებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ძალისხმევას თუმცა, ფიქრობს, რომ უფრო მეტი აქტიურობა, უმცირესობების ენებზე მეტი საინფორმაციო და სხვა სახის გადაცემების მომზადება და გავრცელებაა საჭირო. ამავე დროს, მნიშვნელოვანია ხელისფლებამ ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული არხების მიღებისათვის საჭირო ტექნიკური ბაზის შექმნას, რათა იოლად და ეფექტურად მოხდეს ენობრივი ბარიერის მოხსნა და მოსახლეობის ინტეგრირება.
შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე პეტრე კანკავა, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი კობა ჩოფლიანი, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ზაურ ხალილოვი და საინფორმაციო პორტალის JNews–ის, რედაქტორი რიმა გარიბიანი. შეხვედრას მოდერაცია მედია–ექსპერტმა ზვიად ქორიძემ გაუწია.
ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ ქართულ მედია ძირითადად გულგრილია ეროვნული უმცირესობების თემატიკის მიმართ, გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც მედია ეთნოსთა შორის შუღლის გამღვივებელ სტატიებსაც კი აქვეყნებს; ამავდროულად უმცირესობებით კომპაქტური ჩასახლების ადგილებში ნეგატიურ საინფორმაციო საქმიანობას ეწევიან უცხო ქვეყნები, განსაკუთრებით ძლიერია რუსული მედია ორგანიზაციების პროპაგანდა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ პეტრე კანკავა სახალხო დამცველს მტკივნეული საკითხების შესწავლას და პრობლემების მოგვარებისაკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დაპირდა.
ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა II“ მიერ დაფინანსებული სახალხო დამცველის საჯარო დებატები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე სისტემატიურად იმართება და საზოგადოებას, სამთავრობო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქტუალური საკითხების განხილვის საშუალებას აძლევს.