ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები საქართველოს სადაზღვევო კომპანიის ასოციაციის, კერძო სადაზღვევო კომპანიებისა და სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარების პერსპექტივები და საყოველთაო ჯანდაცვის შემდგომი განვითარების იდეა, ასევე, ამ მიმართულებით კერძო სადაზღვევო სექტორთან პარტნიორობის საკითხები განიხილეს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, მთავრობისა და საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის ყველა მონაწილის აზრით, გარკვეული ეტაპი უკვე განვლილია და რეფორმა გაგრძელებას საჭიროებს. დღის წესრიგში დადგა საკითხი, რომ ამ პროცესში – როგორც დაფინასების, ასევე აღსრულების ნაწილში – კერძო მონაწილე მეტად უნდა იყოს ჩართული, რომ სახელმწიფო სახსრები დაიზოგოს და იმ მიზნობრივი ჯგუფებისკენ მიიმართოს, ვისაც ეს უფრო მეტად სჭირდება.
შეხვედრის მონაწილეებს საყოველთაო ჯანდაცვის შემდგომი განვითარების იდეა, ძირითადი პრინციპების დონეზე, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, დევი ხეჩინაშვილმა გააცნო. მისი თქმით, იდეის არსი შემდეგში მდგომარეობს: სამედიცინო სერვისების უნივერსალურ პაკეტზე საყოველთაო წვდომა უნდა იყოს უზრუნველყოფილი; უნდა შემუშავდეს უნივერსალური პაკეტის სტრუქტურა და შინაარსი; განხორციელდეს ჯანმრთელობის დაზღვევისა და კერძო სადაზღვევო კომპანიების ინტეგრირება საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში; განისაზღვროს კერძო სექტორის (დამსაქმებლის) როლი და სხვა.
როგორც აღინიშნა, ამ პროცესის საბოლოო მიზანი ერთი უნდა იყოს – სახელმწიფომ უნდა შექმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ ყველა ადამიანი იყოს დაზღვეული და დაზღვევის თანხა მძიმე ფინანსურ ტვირთად არ იქცეს ოჯახებისთვის.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძის განცხადებით, სამუშაო შეხვედრაზე გამოთქმული ბევრი წინადადება გასაზიარებელია, თუმცა, ამ პრინციპების ქვეყანაში არსებულ რეალობასთან მორგებაა საჭირო. ზაზა სოფრომაძემ, სამინისტროს სახელით, თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში თანამშრომლობის სურვილი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმაც გამოთქვეს.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, ასევე სხვა სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის მზადაა. აკაკი ზოიძემ იმედი გამოთქვა, რომ შედეგად შეჯერებული დოკუმენტი შემუშავდება.
„ჩვენ გვინდა მივაღწიოთ ზეპარტიულ კონსენსუსს იმისათვის, თუ საით უნდა წავიდეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შემდეგი ათი წლის განმავლობაში, იმისათვის, რომ ჩვენ ჭეშმარიტად უნივერსალურ ჯანდაცვას მივაღწიოთ – თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა მათთვის აუცილებელ და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე. ამაში ითვლება როგორც პრევენციული, სამკურნალო, რეაბილიტაციის, ასევე მედიკამენტების მიმართ ხელმისაწვდომობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მაქსიმალურად იყოს გამოყენებული როგორც კერძო სადაზღვევო ინდუსტრიის რესურსები, ასევე სახელმწიფოს ის ბიუჯეტი, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვაზეა გამოყოფილი. საბოლოოდ კი ისეთ მოდელზე შევჯერდეთ, რომელიც დროსაც გაუძლებს და პოლიტიკური ამინდის ცლილებებსაც," – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
შეხვედრის მონაწილენი შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ყველა საკითხზე დეტალურად იმსჯელებენ და სავარაუდოდ, ორ თვეში კონკრეტულ დოკუმენტზე ჩამოყალიბდებიან. აკაკი ზოიძის განცხადებით, არის რიგი საკითხები, მათ შორის, დაზღვევის სავალდებულოობა, რომლებიც ფართო განსჯის საგანი უნდა გახდეს. მისივე თქმით, დღეს აღნიშნულ თემაზე ღია დისკუსია სწორედ ამ მოტივით გაიხსნა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სამუშაო ჯგუფი ყველა დაინტერესებული მხარის წინადადებას მიიღებს.