ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა ათი წლის იუბილე ხელოვნების სასახლეში საანგარიშო კონცერტით აღნიშნა.
ღონისძიებამ, რომელსაც ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი, გურიის მხარისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეები ესწრებოდნენ ანშლაგით ჩაიარა.
სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ კულტურის ცენტრში მოღვაწე ანსამბლები: „გურია“, „ამაღლება“, „მანდილი“, „ნართი“, „სალოტბარო სტუდია“, „ვაჟთა ვოკალური ანსამბლი“, ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლები „ფერხული“ და „ილეკრო“.
წარმოდგენილი იყო სახალხო თეატრის სპექტაკლიდან ნაწყვეტი, რამაც მაყურებლის განსაკუთრებული აპლოდისმენტები დაიმსახურა.
მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს ინდივიდუალურმა შემსრულებელებმა: ავთო ბაბულეიშვილმა, ვიოლეტა მგალობლიშვილმა, ლილიანა ლომინეიშვილმა, ნოდარ ცინცაძემ და სოფო გიორგაძემ.
ღონისძიების დასასრულს ღვაწლმოსილი ხელოვანები ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის დააჯილდოვეს.
წლის ანსამბლის სტატუსი "ამაღლებამ" მიიღო, საუკეთესო თანამშრომლად კი ვერიკო გოგოლაძე დაასახელეს.