ცნობილი ამერიკელი მსახიობი კევინ კოსტნერი ქანთრის სტილის დიდი თაყვანისმცემელია. გაგიკვირდებათ და სანამ კინოვარსკვლავი გახდებოდა ქანთრი ჯგუფ “Roving Boy”-ში უკრავდა. ვოკალი და გიტარა ძალიან კი იზიდავდა, მაგრამ ერთხელაც სრულიად შემთხვევით, მხატვრული ფილმის გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა და მსახიობის რთულმა პროფესიამ უფრო გაიტაცა.
კევინ კოსტნერი წარმატებული მსახიობი გახდა, მაგრამ მუსიკასთან კავშირი არ გაუწყვეტია. ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყოფილი ჯგუფის წევრებს ხშირად ხვდებოდა და მათთან ერთად ახალგაზრდობას იხსენებდა.
2005 წელს მსახიობმა აქტიური მუსიკალური კარიერის წამოწყება განიზრახა. დაუკავშირდა მეგობრებს ჯგუფიდან “Roving Boy”, დაითანხმა რამდენიმე პროფესიონალი მუსიკოსიც და ახალი ჯგუფი "Modern West” ჩამოაყალიბა.
მეგობრებმა რამდენიმე სიმღერა ჩაწერეს და დრო და დრო კონცერტების ჩატარებაც დაიწყეს. კევინ კოსტნერს სტუდიური ალბომის გამოშვებაც სურდა, მაგრამ მოუცლელობის გამო დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა.
ბოლოს და ბოლოს კოსტნერმა თავისუფალი დრო გამონახა და 2008 წელს პირველი ალბომი “Untold Truths” ჩაწერა. ამ ნამუშევარმა ამერიკელი მელომანების დაინტერესება გამოიწვია და ორ თვეში ორმილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.
ამერიკელი მუსიკალური კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ ჯგუფი “Modern West” ქანთრი-როკის შესანიშნავ ტრადიციებს აგრძელებდა, კევინ კოსტნერი კი უბადლო გიტარისტი და ვოკალისტი აღმოჩნდა.