საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სამოქალაქო რეფორმაციის" დამფუძნებელი, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, ანდრო ბარნოვი სოციალურ ქსელში „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თუ პარტია დაიშალა, ერთ დროს თითით საჩენებელი ქვეყანა საქართველო, ცხვრის ფარასავით დარჩება, რომელიც მხოლოდ მაშინ იყო წარმატებული, როდესაც ცივილიზებული მწყემსი მწყემსავდა.
„შემოწმება მარტივია: დღეს საქართველოში დარჩა მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტია ენმ-ს სახით. თუ პროცესი ასე გაგრძელდა, აღარც ის იარსებებს და დავბრუნდებით ზუსტად შევარდნაძის დროში, როდესაც მთელი პოლიტიკური სპექტრი დაკომპლექტებული იყო თოჯინებით, რომლებსაც ყავდათ ერთი რეჟისორი და სცენის გამნათებელიც კი. ძალიან ადვილია, დაინახო, რომ ეს პროცესი არათუ უკვე მიმდინარეობს, არამედ – თავის დასკვნით ფაზაშია შესული.
იმდენად ნათელია ყველაფერი, რომ (სხვა თანაბარ პირობებში) უტყუარი პროგნოზების გაკეთებაც კი შეიძლება. მაგალითად, როგორ დაბრუნდება გირჩი ბოკერიასთან, რომელმაც ჩემი ღრმა რწმენით თავადვე მისცა კურთხევა მათ გასვლას, როგორ დარჩება ცნობადი სახეებით დაკომპლექტებული "ევროპული საქართველო" ხმაურიან, თუმცა ბოლომდე მართულ ოპოზიციად, როგორ მოასუფთავებენ ეს ორნი (ხელისუფლება და ყალბი ოპოზიცია) გზას ივანიშვილის მონარქიისათვის ხალიჩის გასაფენად და როგორ დიდხანს და მორჭმით უგვირგვინოდ იმეფებს ჭორვილას ბატონი მთელ საქართველოზე.
საზოგადოების განვითარება და კეთილდღეობა, ქვეყნის მოდერნიზაცია და პროგრესი დავიწყებას მიეცემა. 2032 წელს შევეგებებით ჭაობში, სადაც ივანიშვილის კლანის შთამომავლები ისევ წესებს დაგვიწესებენ. საქართველო გახდება ერთერთი ყველაზე სამარცხვინო მაგალითი იმისა, თუ როგორ აღმოჩნდა ერთ დროს მსოფლიოსთვის თითით საჩვენებელი ამაყი და სწრაფად განვითარებადი ქვეყანა ცხვრების ფარა, რომელიც მხოლოდ მაშინ გამოიყურებოდა ადამიანების საკრებულოდ, როცა ცივილიზებული მწყემსი მწყემსავდა. მხოლოდ ერთი კაცის დამსახურება ყოფილაო, იტყვიან“, _ წერს ანდრო ბარნოვი.