BBC-ის ინფორმაციით, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ადასტურებენ, რომ ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ჰუმანიტარული მისიის შემსრულებელი 5 პირი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი კანდაჰარის გუბერნატორის საოჯახო ტიპის სასტუმროსთან ახლოს მომხდარი აფეთქების დროს დაიღუპნენ, ხოლო გუბერნატორი და არაბეთის გაერთიანებული საემიროების ელჩი აფეთქების შედეგად დაშავდნენ.
როგორც ცნობილია, სამშაბათს ავღანეთში 2 აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ავღანეთის საინფორმაციო სააგენტო TOLO NEWS-ის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გადარჩენილები ამბობენ, რომ ბომბი სასტუმროში, დივანში იყო დამალული.
როგორც ცნობილია, აფეთქების დროს სასტუმროში კანდაჰარის პოლიციის შეფი, გენ აბდულ რაზიქიც იმყოფებოდა, თუმცა არ დაშავებულა.
გავრცელებული ცნობით, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ქვეყნის პრეზიდენტმა აფეთქების შედეგად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნისადმი პატივსაცემად დროშების დაშვების ბრძანება გასცა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ორივე აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "თალიბანმა" აიღო.