საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, „რესპუბლიკის მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა თუ სხვადასხვა ობიექტში ხდება კანონდარღვევები და იქ ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ. გიორგი კვირიკაშვილმა შს მინისტრს დავალება მისცა:
"მე მინდა დავავალო შინაგან საქმეთა მინისტრს და სამინისტროს, დაინტერესდეს ამ პრობლემით. საუბარია იმაზე, რომ ხდება დისკრიმინაციული მიდგომა. როგორც მე ვიცი, ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ ამ ობიექტებში და სამწუხაროდ, უშვებენ მხოლოდ მანდილოსნებს. ეს ძალიან მძიმე საკითხია. მე მინდა, რომ ყველანაირი ცხელი ემოციებისგან ჩვენ თავი შევიკავოთ და კანონის კუთხით მივუდგეთ ამ საქმეს. ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც, სამწუხაროდ, გაშუქდა, რომ არის მხოლოდ ნეგატიური შედეგების მატარებელი, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ამ კანონით ჩვენ გვაქვს საშუალება, ასეთ შემთხვევებში დავიცვათ ჩვენი უფლებები. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი არც ერთი ახალგაზრდა. ამიტომ მე სრული კატეგორიულობით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან. ყველანაირი რეიდების, ძალადობრივი ქმდებების გარეშე, კანონის სრული გამოყენებით და ამოქმედებით, მინდა, რომ ეს პრობლემა იყოს მოგვარებული უმოკლეს პერიოდში, ასევე, მინდა ვთხოვო ჩემს თანაშემწეს, ადამიანის უფლებების საკითხში ქალბატონ სოფიო ჯაფარიძეს, შეისწავლოს რამდენად დაცულია საქართველოს კანონმდებლობა ასეთ ობიექტებში. თუ ეს არის დახურული ტიპის კლუბი, მაშინ მას უნდა ჰქონდეს განაწესი, რომელიც იქნება საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი, თუ რა სახით ხდება შერჩევა ადამიანების შესვლის, ხოლო თუ ეს არის ღია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, მაშინ იგი უნდა დაექვემდებაროს და იმავე ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის თვალსაზრისით, არ დაარღვიოს საქართველოს კანონმდებლობა. ასეთი ჩვენ არც ტურისტი გვინდა და არც დამატებითი შემოსავალი, რომელიც ჩვენ საქართველოს კანონმდებლობას დაარღვევს“, _ განაცხადა პრემიერმა.