ნიკა მელიას მე გავუხსენი ამ პარტიაში გზა და სამწუხაროა მისი ქცევები, _ ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
”მე გიგა ბოკერიას არ წარმოვადგენ, წარმოვადგენ ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. ნიკა მელია ოდესღაც მე წარმომადგენდა. ნიკა მელიას მე გავუხსენი ამ პარტიაში გზა და სამწუხაროა, მისი ქცევები. მე მასთან არც პოლემიკაში ვაპირებ შესვლას და არც დაპირისპირებაში, _ განაცხადა გიგი უგულავამ.
გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციის შესახებაც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ეს მხოლოდ მოკითხვითი ხასიათის კომუნიკაცია იყო.
”მიშასთან მქონდა კომუნიკაცია, მაგრამ ტელეფონით საუბარი რაიმე თემაზე ძნელია. ეს იყო მხოლოდ მოკითხვითი ხასიათის, ადამიანური კომუნიკაცია", _ აღნიშნა უგულავამ.
უგულავას თქმით, პარტიაში კრიზისია და თუ კრიზისის დაძლევას ვერ შეძლებენ, უმჯობესია ცივილურად დაიშალოს.
პარტია არის კრიზისში. თუ გვეყოფა პასუხისმგებლობა, რომ პარტიამ ეს კრიზისი გაიაროს, გაივლის, თუ ვერა და დარჩენილია ძალიან ცოტა რესურსი, შეიძლება ვთქვათ, 2-5% და შესაძლოა, ეს ყოველდღიურად მცირდებოდეს. მიმდინარე მოვლენები უნდა განვითარდეს ცივილურ ფორმებში, რადგან ამ ქვეყანას იმაზე დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე დაპირისპირებაა ”ნაციონალურ მოძრაობაში”, _ აღნიშნა უგულავამ.