ქალაქი ოზურგეთის მერიამ დღეს საჯარო აუქციონზე 9 აპრილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 454 კვ.მ მიწის ნაკვეთი გაყიდა, რომელზეც შენობა-ნაგებობის ნანრგევია. ნაკვეთის საწყისი ფასი 2726,7 ათასი ლარი იყო. აუქციონში მონაწილეობას სამი პრეტედენტი იღებდა _ მეუფე იოსები (გივი კიკვაძე), ქეთევან სვანიძე და ნოდარ თენიეშვილი, რომელიც ზინაიდა თენიეშვილის მინდობილი პირი გახლდათ.
მეუფე იოსები აუქციონს სამი ბიჯის შემდეგ, საკუთარი სურვილით გამოეთიშა:
“პატრიარქის ნაკურთხია და მგონი, არ არის კარგი, რომ ყიდულობთ” _ ამ სიტყვებით მიმართა მეუფემ აუქციონში მონაწილე პირებს და თანმხლებ სასულიერო პირებთან ერთად აუქციონის დარბაზი დატოვა.
მეუფეს არ გაუკეთებია კომენტარი თუ რისთვის სჭირდებოდა აღნიშნული ფართი, თუმცა, როგორც ერთ-ერთმა სასულიერო პირმა განმარტა, იმ ადგილზე ეპარქიას ტაძრის აშენება აქვს გადაწყვეტილი.
_ 1988 წელს აკურთხა პატრიარქმა ის ადგილი საკათედრო ტაძრისთვის. შემდეგ სხვა ადგილზე, დაახლოებით 50 მეტრში აშენდა ტაძარი და ახლა გვსურდა შეგვეძინა ნაკურთხი ტერიტორია ტაძრის ასაშენებლად, _ აღნიშნა სასულიერო პირმა.
საბოლოოდ, მიწის ნაკვეთი ნოდარ თენიეშვილმა 73 000 ლარად შეიძინა.