“გურია ნიუსის” მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. ციანიდის საქმეზე მთავარი პროკურატურა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტს, საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის თავმჯდომარეს მეუფე დიმიტრის (შიოლაშვილი) დაკითხავს.
ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო გვიყვება, რომ დაკითხვის მიზეზი პროკურატურის ხელთარსებული ჩანაწერებია, რომელშიც მეუფე დიმიტრი რამდენჯერმეა ნახსენები. გვეუბნებიან იმასაც, რომ დეკანოზ მამალაძის გეგმებზე ინფორმაცია მეუფე დიმიტრის ჰქონდა.
ჩვენ მთელი დღეა ვცდილობთ წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაცია მეუფესთან გადავამოწმოთ, თუმცა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი არც სატელეფონო ზარებს პასუხობს და სმს შეტყობინებებს.
დუმს პროკურატურაც _ მთავარ საგამოძიებო უწყებაში, მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა არ გვეუბნებიან როდის გეგმავენ მეუფე დიმიტრის დაკითხვაზე დაბარებას.
ერთადერთი ვინც ამ თემაზე კომენტარი გააკეთა პროკურატურის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძეა, რომელმაც გუშინ “რეაქციაში” საუბრისას არ გამორიცხა, რომ მამა გიორგი მამალაძე მეუფე დიმიტრის გვერდის ავლით მოქმედებდა, თუმცა, არც სხვა ვარიანტები გამოურიცხავს:
“მკვლელობის მომზადების პროცესი, შეიძლება მეუფე დიმიტრის გვერდის ავლით მიმდინარეობდა, თუმცა, არც სხვა ვარიანტები გამოირიცხება”, _ განაცხადა მამალაძემ.
“გურია ნიუსთან” საუბრისას ირაკლი მამალაძე სხვა ვარიანტებზე საუბრისგან თავს იკავებს. ამბობს, რომ მის მიერ გაკეთებულ ჩანაწერებში მეუფე დიმიტრი არ ფიგურირებს, თუმცა ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, რომ ჩანაწერებში მეუფე დიმიტრი რამდენჯერმეა ხსენებული, არც უარყოფს და არც ადასტურებს.
წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთ ჩანაწერში მამა გიორგი მამალაძე ამბობს, რომ ციანიდი მეუფე დიმიტრისთვის მიაქვს, ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ მას გაუთქმელობის ხელწერილიდან გამომდინარე დეტალებზე საუბრის უფლება არ აქვს.
“გურია ნიუსი” თემაზე მუშაობს და მოწოდებული ინფრომაციის გადამოწებას მთავარ მოქმედ პირებთან ამ წუთებშიც ცდილობს.