ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიას აღარ უხელმძღვანელებს. როგორც მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ განუცხადა, საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელობის უფლება სინოდმა ჩამოართვა.
“გამათავისუფლეს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან. ჩემი რეაქცია არის ძალიან მშვიდი. როგორც სულ ვამბობდი, მირჩევნია დავისაჯო სიმართლისთვის, ვიდრე ტყუილით გავმართლდე. დანარჩენ განცხადებებს, სავარაუდოდ, სხვა მეუფეები გააკეთებენ”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
მისივე განმარტებით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო უსაყვედურეს.
„მისაყვედურეს აქტიურობის გამო. სამწუხაროდ, ისე გამოვიდა, რომ მთავარი თემა იყო ჩემი საკითხი. მე ვფიქრობ, ეს მიკერძოებული იყო, მიმაჩნია, რომ არსებობს სხვა პრობლემები და ჩემი საკითხის დაყენება არ იყო მთავარი“, – განაცხადა მეუფე პეტრემ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ.