საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა, გასულ წელს, 197 000-დოლარად ღირებული საცხოვრებელი სახლი შეიძინა. ბინა თბილისში, მაყაშვილის 34 ნომერში მდებარეობს და მისი ფართობი 170,00 კვ.მ-ია.
ამის შესახებ ბოჭორიშვილის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული.
გარდა ამისა, დეკლარაციის მიხედვით, ბოჭორიშვილის ოჯახი თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს ფლობს.
კერძოდ, ქეთევან ბოჭორიშვილის მამის, ავთანდილ ბოჭორიშვილის 100,00% საკუთრებაშია 1994 წელს, 7000,00-ლარად ნაყიდი 350,00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი და, ამავე წელს, 10000,00 ლარად შეძენილი 595,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი ამავე მისამართზე.
დედა, მარიამ ბოჭორიშვილი ფლობს, 2014 წელს, 10 000,00-დოლარად ნაყიდ საცხოვრებელ სახლს თბილისში, აბაშელის ჩიხში, რომლის ფართობიც 68,00 კვ.მ-ია.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის მიხედვით, ოჯახის საერთო შემოსავალმა გასულ წელს 83685,20 ლარი შეადგინა.
კერძოდ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროდან, ქეთევან ბოჭორიშვილის შემოსავალი გასულ წელს 76285,00 ლარი იყო;
დედის, მარიამ ბოჭორიშვილის შემოსავალი სამედიცინო კოლეჯიდან ,,პანაცეა“, სადაც ის ლექტორია 2418,20 ლარი, ხოლო სსიპ-შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შტატგარეშე მომუშავეს პოზიციიდან (04.05.2016 01.09.2016) 1750,00 ლარი.
რაც შეეხება მამის, ავთანდილ ბოჭორიშვილის შემოსავალს, განათლების ხარისხისა და განვითარების ცენტრიდან, სადაც ის შტატგარეშე კონსულტანტია 3232,00 ლარი აქვს მიღებული.
რაც შეეხება ქეთევან ბოჭორიშვილის წინა წლების შემოსავლებს, 2015 წელს შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ეკონომიკის სამინისტროდან მან 99289.00-ლარის შემოსავალი მიიღო. 2014 წელს შევსებულ დეკლარაციაში კი აღნიშნულია, რომ ქეთევან ბოჭორიშვილმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტისთვის 62129.27 ლარი აქვს მიღებული, ზუსტად ამდენივე იყო მინისტრის მოადგილის შემოსავალი 2012 წელსაც.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ქეთევან ბოჭორიშვილმა ბინა „საქართველოს ბანკიდან“ აღებული იპოთეკური სესხით იყიდა, სესხის დაფარვის ვადა 2027 წელს იწურება. გასულ წელს კი პროცენტისთვის 125000,00 ლარი გადაუხდია.
გარდა ამისა, დეკლარაციის მიხედვით, ქეთევან ბოჭორიშვილის დედა, მარიამ ბოჭორიშვილი შპს საგანმანათლებლო ორგანიზაცია ,,დიდაქტიკა“-ს პარტნიორია (თანაპარტნიორები: ნინო ჯავახიშვილი, ხათუნა რამიშვილი, ეთერი ბათიაშვილი) 2006 წლიდან, თუმცა სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსავალი გასულ წელს მიღებული არ აქვს.
ამავე თემაზე: