საქართველოს პარლამენტში ჰაერი დაბინძურებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალისტები იმ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებენ, რომელიც დღეს საკანონმდებლო ორგანოში ჩაატარეს.
სპეციალისტებმა ჰაერში თამბაქოს შემცველობა გასინჯეს და დადგინდა, რომ დაბინძურებული ნაწილაკების დონემ ნორმას გაადააჭარბა.
“ჰაერში ნაწილაკების რაოდენობის ნორმა 35-ია, ამ დროისთვის კი, პარლამენტში დაფიქსირებულია 90″, _ განაცხადა თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენელმა კახა ღვინიანიძემ.
სპეციალისტების განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში მოწევა უნდა აიკრძალოს, რადგან ჰაერი დაბინძურებულია.
პარლამენტში ჰაერში წვრილი ნაწილაკების შემადგენლობის გაზომვა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ინიციატივით მოხდა.
აკაკი ზოიძის განცხადებით, აქციის მიზანია, საზოგადოებამ და პირველ რიგში პარლამენტის წევრებმა დაინახონ დახურულ შენობებში ჰაერის ხარისხზე რა გავლენას ახდენს თამბაქოს მოხმარება.
მისივე თქმით, ეს ღონისძიება პარლამენტში უახლოეს დღეებში, თამბაქოს კონტროლის გამკაცრების მიზნით დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას უკავშირდება, სადაც ცვლილებათა ერთ-ერთი პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დახურულ შენობებში მოწევა აიკრძალება.
ზოიძე კოლეგებს მოუწოდებს, რომ აკრძალვა პირველ რიგში პარლამენტის შენობიდან დაიწყოს, სადაც უკვე არსებული აკრძალვის მიუხედავად, სამუშაო კაბინეტებში მაინც ეწევიან.