საერთაშორისოდ აღიარებულმა ორგანიზაციებმა Efma და SAP თიბისი ბანკის მობაილბანკი საუკეთესოდ დაასახელეს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თიბისი ბანკის მობაილბანკმა მეორე ადგილი ბაზრისა და მედიის მხრიდან აღიარებისთვის მოიპოვა, როგორც საუკეთესო მობაილბანკი IOS და Android აპლიკაციებისთვის. გარდა ამისა, თიბისი ბანკის მობაილბანკს Efma-სა და SAP-ის სპეციალური პრიზიც გადაეცა.
ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა Efma და SAP დაჯილდოება ერთობლივად წელს პირველად გამართეს. მობაილაპლიკაციების კონკურსში მონაწილეობას მსოფლიო მასშტაბით 42 ინსიტუტის 43 აპლიკაცია იღებდა. გადაწყვეტილება პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურის წევრებმა მიიღეს, რომელთა შემადგენლობაში ბანკირები, მეწარმეები და მედიის წარმომადგენლები შედიოდნენ. ჟიურის წევრებს ერთი თვის განმავლობაში უნდა გაეტესტათ და შეეფასებინათ ფინანსური ინსტიტუტების ბიზნესაპლიკაციები.
გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტების მობაილბანკი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა: ფუნქციონალი, დიზაინი, მომხმარებლის კმაყოფილება და მობაილბანკის პოტენციალი.
Efma საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ბანკებმა და სადაზღვევო კომპანიებმა 1971 წელს დაარსეს. ორგანიზაცია ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებს აწვდის ინდუსტრიის შესახებ ანალიტიკურ ინფორმაციას, რაც მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და ტრანსფორმაციაში ეხმარება. Efma-ში გაწევრიანებულია 3 300-ზე მეტი კომპანია, 130 ქვეყნიდან.
რაც შეეხება SAP-ს, ის პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მსოფლიოში სიდიდით მესამე კომპანიაა.
დაჯილდოების ცერემონია მილანში, მცირე და საშუალო ბიზნესის სამიტის ფარგლებში გაიმართა. (R)