ხვალიდან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. ეს მნიშვნელოვანი თარიღი, დანარჩენ საქართველოსთან ერთად აღნიშნეს ჩოხატაურშიც.
კულტურის ცენტრმა, ხელოვნების სასახლეზე საგანგებოდ გაკეთებულ ეკრანზე ფილმი გაუშვა და მოედანზე შეკრებილ მაყურებელს ევროპა ვირტუალურად დაათვალიერებინა.
ღონისძიებას, რომელიც თითქმის ერთი საათი გრძელდებოდა, მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან ერთად რიგითი მოქალაქეებიც შეურთდნენ.
_ ეს არის ისტორიული და უმნიშვნელოვანესი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და მინდა ყველას მოგილოცოთ, _ აღნიშნა ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ.
მოქალაქეებს ეს დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმაც მიულოცა.
_ ყველას გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს! ჩვენ დავბრუნდით ევროპაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, _ თქვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორის თამარ კეკელიძის ინფორმაციით, უვიზო რეჟიმის ამოქმედების აღნიშვნა ხვალაც გააგრძელდება _ ხელოვნების სასახლის წინ, კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები და ინდივუდუალური შემსრულებელები ღონისძიებას გამართავენ, რომელიც 2 საათზე დაიწყება და დღის ბოლომდე გაგრძელდება.