ბოსტნეულით დაკვრის იდეა 43 წლის ნან ვიდონგს და 41 წლის ნან ვიფინგს ორი წლის წინ გაუჩნდათ და უკვე პროფესიად აქციეს.
პეკინელი ძმების მამა მუსიკის მასწავლებელია და დაკვრაც მამისგან ბავშვობაში ისწავლეს. ახლა ისინი პეკინში პატარა ბინაში ცხოვრობენ და ბოსტნეულისგან მუსიკალურ ინსტრუმენტებს ამზადებენ.
როგორც ჩინელი ძმები ამბობენ, სხვადასხვა ბოსტნეულს სხვადასხვა შესაძლებლობა აქვს და სხვადასხვა მელოდიას ერგება. მაგალითად, ტკბილი კარტოფილი ოკარინას ფუნქციას ასრულებს, ბამბუკი – ფლეიტისას.
ძველი ბოსტნეული ინსტრუმენტად არ გამოდგება. ამასთან, კარგი ბგერის მისაღებად საჭიროა მასში წყლის შემცველობის შემოწმება.
ნანების თქმით, ბგერის სიმაღლის კონტროლი ძალიან რთულია, რადგან მისი ცვლილება დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურაზე, ნესტიანობაზე და სხვა ფაქტორებზე.
ძმების რეპერტუარი მოიცავს ჩინურ ტრადიციულ მუსიკასაც და თანამედროვე პოპსაც.
მათ ჩინეთის ტალანტ-შოუში მიიღეს მონაწილეობა და შანსი აქვთ 3 ათასიდან 5 ათასამდე ევრო მოიგონ.