საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი “დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ” უკვე პარლამენტშია და გუშინ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას თქმით, ამით “ქვეყანაში იწყება ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს კომერციული ბანკების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას, საფინანსო სექტორის მდგრადობის ხელშეწყობას, დანაზოგების წახალისებას, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და შიდა და გარე შოკების შემსუბუქებას”.
მისი განმარტებით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, რომელიც უზრუნველყოფს დეპოზიტების დაცულობას და დეპოზიტების გარანტირებულად ანაზღაურებას თუ კომერციულ ბანკს შეექმნება დეპოზიტების ანაზღაურების პრობლემა.
წარმოდგენილი კანონპროექტით იქმნება დამოუკიდებელი სსიპ „დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო“, რომელსაც ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე 5 წლის ვადით ნიშნავს ხუთი წევრისგან შემდგარი საბჭო.
სააგენტოში იქმნება ფონდი, რომელიც ფინანსდება რამდენიმე სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის: სავალდებულო პირველადი შენატანები კომერციული ბანკისგან, რეგულარული და სპეციალური სადაზღვეო შენატანები და სხვა.
წარმოდგენილ კანონპროექტს თან ახლავს თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, განხილვაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის და ბანკების ასოციაციის წარმომადგენლები, რომლებიც დადებითად აფასებენ წარმოდგენილ კანონპროექტს.
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე განსახილვალად გატანას.