თბილისის ზოოლოგიურ პარკს 14 ახალი ბინადარი შეემატა. როგორც „გურია ნიუსს“ ზოოპარკის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ცხოველები დღეს გამთენიისას ჩამოფრინდნენ და ვოლიერებში უკვე დააბინავეს.
მათივე ინფორმაციით, რიგის ზოოპარკმა (ლატვია) უსურიის ვეფხვს გამოგზავნა. 7 ბენეტის ვალაბი (მცირე ზომის კენგურუ) ლონდონის ზოოპარკიდან ჩამოვიდა, 6 ფაფრიანი ცხვარი კი ბენჰემის ზოოპარკიდან (დიდი ბრიტანეთი).
თბილისის ზოოპარკს ცხოველები ევროპის ზოოპარკები საჩუქრად გადმოსცეს. ვეფხვის ტრანსპორტირების ხარჯებს „თიბისი სტატუსი“ ფარავს. მისივე ინიციატივით, ზოოპარკის ახალ ბინადარ მამრ უსურიის ვეფხვს სახელს ბავშვები შეურჩევენ.
ახალი ცხოველებისთვის ზოოპარკის არსებულ ტერიტორიაზე გაფართოვდა ვოლიერები, ჩატარდა სარეკონსტრუქციო და კეთილმოწყობის სამუშაოები.
„თბილისის ზოოპარკი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის“ (EAZA) წევრობის კანდიდატია. ევროპის ზოოპარკებთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად მნიშვნელოვნად გამდიდრდა ჩვენი კოლექცია _ საჩუქრად უკვე მივიღეთ 80-ზე მეტი ცხოველი. ამჯერად კიდევ 14 ბინადარი შემოგვემატება.
რამდენიმე ათეული წელია, რაც ზოოპარკს კენგურუები არ ჰყოლია, ამიტომ დამთვალიერებლისთვის მათი მონახულება განსაკუთრებით საინტერესო იქნება. ზოოპარკში ასევე ბინა დადო უსურიის ვეფხვმა. ეს პირველი ვეფხვია წყალდიდობის შემდეგ. სიურპრიზები ამით არ მთავრდება _ უახლოეს მომავალში ბრისტოლის ზოოპარკი აფრიკულ პინგვინებს გვიგზავნის, ასე რომ, გაზაფხულს სასიამოვნო სიახლეებით ვეგებებით. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი ჩვენს ევროპელ კოლეგებსა და „თიბისი სტატუსს“ მხარდაჭერისთვის“, _ აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.
შენიშვნა: ფოტოები „გურია ნიუსს“ ზოოპარკის პრესსამსახურიდან მოაწოდეს