ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ლევან ჩხაიძემ გასულ წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა და 2017 წელს გასახორციელებელ პროექტებზეც ისაუბრა. ჩხაიძის მოხსენებით, წელს მუნიციპალიტეტში 13 ობიექტზე შესრულდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, საიდანაც ექვსი წინა წელს დაწყებული, გარდამავალი პროექტია.
ჩხაიძის წარმოდგენილი ანგარიშით უკმაყოფილო დარჩა სუფსის მაჟორიტარი ჯუმბერ ბლაგიძე, რომელმაც ინფრასტრუქტურის სამსახურსა და მის უფროსს სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მიმართ მიდგომა დაუწუნა. ბლაგიძის გამოსვლის მთავარი არსი იმის გარკვევა იყო, თუ როდისთვისაა დაგეგმილი სუფსაში საბავშვო ბაღის მშენებლობა.
შენობა, სადაც სუფსის საბავშვო ბაღი და სოფლის ამბულატორია იყო განთავსებული, დაახლოებით, გასული საუკუნის ოციან წლებშია აგებული და მისი სახურავი გასული წლის ზამთარში ჩამოინგრა. ამიტომაც სკოლამდელ საგანმანათლებლო ცენტრს ალტერნატიული ფართის დაქირავება მოუხდა და ახლა ბაღი კერძო ოჯახშია განთავსებული.
სუფსის მაჟორიტარმა დანარჩენ საკრებულოს წევრებსა და გამგეობის წარმომადგენლებს ის გადაწყვეტილებებიც შეახსენა, რომლის მიხედვითაც საბავშვო ბაღის პრობლემა უკვე გადაჭრილი უნდა იყოს.
„სხვა თუ არაფერი საკრებულოს თავმჯდომარე აწერს ხელს განვითარების სამ წლიან გეგმას, სადაც საუბარია სუფსაში ბაღის მშენებლობაზე. 27 მილიონია ლანჩხუთში დახარჯული ინფრასტრუქტურის კუთხით. სუფსა რაიონის მენახევრეა, რამდენი წამოვიდა იმ 27 მილიონიდან სუფსის თემზე?! მომაწერეს მილიონ ნახევარიო. არ არის ეს ასე, გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზა ჩვენი არაა. სულ ვცდილობ განცხადებების გაკეთებისას ვიყო კორექტული, მაგრამ, როცა რაიმე საკითხს წამოვჭრი ნუ აკეთებთ მის სრულ იგნორირებას, ძალიან ბევრი პრობლემაა სოფელში დაგროვილი“, _ ამბობდა ბლაგიძე, რომელმაც სუფსის ცენტრის მოწესრიგებაზეც გაამახვილა ყურადღება.
„წლის ბოლომდე მთლიანად ლანჩხუთში ცხრა ახალი ბაღი იქნება აშენებული. ისე, ამას წინათ ნარმანიამ თქვა ტელევიზიით, რომ თბილისში 12 ახალი ბაღი აშენდაო. ახლა მთელ ინფრასტრუქტურას ბაღების მშენებლობაზე ვერ მივმართავთ, რაიონში ხომ არსებობს სხვა რამეც. გეუბნები, რომ წლის განმავლობაში სუფსასა და ნიგვზიანში ბაღის თემას გადავჭრით“, _ ბლაგიძეს პასუხი მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ზაზა ურუშაძემ გასცა, რომელიც დეპუტატს დაჰპირდა, რომ სუფსის ცენტრშიც მოაწესრიგებს გზის საფარს.