გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით მჟავანაძე ერთმანეთს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში გამართულ აქციაზე დაუპირისპირდნენ, სადაც ადგილობრივებს ავარიული გზის დაუყონებლივ შეკეთების მოთხოვნით გზა ჰქონდათ გადაკეტილი.
ერქომაიშვილმა მჟავანაძეს პოლიტიკური ნაძირალა უწოდა და აღნიშნა, რომ ის ნატანებში შოუს დასადგმელად მივიდა. გუბერნატორის მოადგილეს არც გასული ცხრა წელი დავიწყებია და არც უკრაინაში მყოფი სააკაშვილი.
_ რა შუაშია აქ პოლიტიკა და პარტია. მე კი არა, მოსახლეობას გაეცით პასუხი რატომ არ აკეთებთ ამდენი ხანია გზას, _ მიმართა მჟავანაძემ ერქომაიშვილს, რაზეც ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 დღეში დაიწყება.
_ ოზურგეთის ყველა შემოსასვლელი გზა ასეთ მდგომარეობაშია და მოსახლეობა დიდი ხანია ითხოვს გზების გაკეთებას, თუმცა, დაპირებების მეტს თქვენ არაფერს აკეთებთ, _ ერქომაიშვილის მისამართით ნათქვამ მჟავანაძის ამ რეპლიკას ადგილობრივი მოსახლეობის კომენტარიც მოჰყვა.
ნატანებლების თქმით, გზის შეკეთების პირობას ადგილობრივი ხელისუფლება დიდი ხანია დებს, თუმცა, უშედეგოდ. ერქომაიშვილის თქმით, ეს პირობა აუცილბელად შესრულდება და სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მალე დაიწყება:
_ ძალიან კარგი თუ ასე მოხდება. 20 აპრილს მოვიდეთ აქ ერთად და ვნახოთ დაწყებული სამუშაო, _ მჟავანაძის და ერქომაიშვილის დებატებში ჩაერთო “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბასო ქათამაძე, რასაცც ერქომაიშვილმა პოპულიზმი უწოდა და მჟავანაძესთან დებატები განაგრძო, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა:
_ ხელი გასწიე და ხელით არ შემეხო, _ რამდენჯერმე მიმართა მჟავანაძემ ერქომაიშვილს, რაზეც გუბერნატორის მოადგილემ უპასუხა:”თუ შეგეხები, მოგეფერები”.
დაძაბული სიტუაციის განმუხტვა პოლიციამ რამდენჯერმე სცადა. საბოლოოდ კი, აქცია იმ პირობით შეწყდა, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 დღეში დაიწყება.დგილობრივებმა დღეს გზა გადაკეტეს და ხელისუფლებას ავარიული ცენტრალური გზის შეკეთება კიდევ ერთხელ მოსთხოვეს/.