საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას მედიას არლამენტის ტრიბუნიდან მიმართა:
„მინდა, მივმართო ქართულ მედიასაც: თქვენ – ასაჯაროებთ დემოკრატიის წყაროს – ხალხის ხმას; თქვენ აკონტროლებთ ხელისუფლებას და აკრიტიკებთ გადაცდომებს; თქვენ ქმნით საზოგადოებრივ აზრს! ეს ნიშნავს, რომ თქვენ, ქართული მედია რეალურად ჩამოყალიბდით, როგორც მეოთხე ხელისუფლება და თქვენი – ქართული მედიის, როგორც შემდგარი ხელისუფლების შტოს ეფექტიანი მუშაობა თავისუფალ გარემოში, აუცილებელია, სახელმწიფოს სწორი ფუნქციონირებისთვის.
ჩვენ ვნახეთ, რამდენად კონსოლიდირებულნი იყავით, როდესაც რამდენიმე თქვენთაგანს საფრთხე შეექმნა. ჩვენ ვნახეთ, რამდენად ეფექტიანად მოახდინეთ არა მხოლოდ კოლეგების, არამედ, ქართული საზოგადოების გაერთიანება დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპის – სიტყვის თავისუფლების დასაცავად. მედიაში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად გამოკვეთა, რომ თქვენი ძალა თქვენს ერთობაშია.
მზად ვარ დაგეხმაროთ ეფექტური დიალოგის გაღრმავებაში სისტემური და კომპლექსური გაძლიერებისთვის. რაც შეეხება მედიის კუთხით არსებულ პრობლემებს, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, საერთაშორისო საზოგადოებაც აქტიურად ელოდება სახიფათო და გაუმჭვირვალე პროცესების დასრულებას მედია სივრცეში. დემოკრატია, მეტი დემოკრატია არის პასუხი ყველა პრობლემაზე“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.