ჟერარ დეპარდიე კვლავ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. მორიგი სკანდალი იტალიაში მოხდა. როგორც ფრანგული მედიასაშუალებები იტყობინება, მსახიობმა დებოში მოაწყო რესტორანში, რომელიც იტალიის ქალაქ ლეჩეში მისი ბინის ქვეშ მდებარეობდა.
როგორც თვითმხილველები იტყობინებიან, ცნობილმა ფრანგმა დებოშისტმა რესტორნის მეპატრონეს შესჩივლა, რომ ვერ იძინებდა იმ ხმაურის გამო, რომელიც რესტორნიდან მის ბინამდე აღწევდა. როდესაც სიტყვიერმა თხოვნამ არ გაჭრა, დეპარდიემ დაწესებულების ხმაურიანი სტუმრები გაწუწა.
მსახიობის ამ ქმედებით შეურაცხყოფილმა რესტორნის მეპატრონემ მყისვე გამოიძახა პოლიცია. სამართალდამცავებმა დეპარდიე გააფრთხილეს, რომ თუ ის არ შეწყვეტდა ხულიგნობას, ის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცემოდა.
აღსანიშნავია, რომ დეპარდიესა და რესტორნის მეპატრონეს შორის აღნიშნულ ინციდენტამდეც დაძაბული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ეს უკანასკნელი დაჟინებით მოითხოვდა, რომ მსახიობს თავისი მანქანა დაწესებულების შესასვლელთან არ გაეჩერებინა, თუმცა დეპარდიესგან უარი მიიღო.