ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის ცენტრალური გზის ერთ-ერთ დაშლილ და ორმოებით სავსე მონაკვეთზე, ორივე მხარეს ლოდები და მოზრდილი ქვებია ჩამწკრივებული. როგორც მძღოლები და გამვლელ-გამომვლელები ამბობენ, აქვე, გზის პირას, მცხოვრებმა შახო ურუშაძემ, მეტი რომ ვერ მოახერხა აქ მოძრავი მანქანებისგან თავდასაცავად, ისედაც ორმოებით სავსე გზის ორივე მხარეს, უფრო კისრის მოსატეხი „ბოძკინტები“ _ ლოდები ჩაამწკრივა, რითაც, ალბათ, მძღოლებს ანიშნა, როგორც გინდათ, ისე იხტუნეთ ამ ორმოებზე, კიდევ უფრო დაზიანებულ გზის კიდეები მაინც არ ჩაიტანოთ ქვესკნელში და ეზოში არ შემომივარდეთო.
ახალი საგზაო ნიშან-ბოძკინტების „შემქმნელს“, ერთის მხრივ, ვერც გაამტყუნებ, რადგან, სოფელ ჭანიეთის იავარქმნილი გზა კრიტიკასაც აღარ ექვემდებარება და მძღოლები სხვა გზას რომ ვერ პოულობენ, გადადიან უასფალტო გზის კიდეებზე. იქ კი, ბევრგან ისე დაბლა დაიწია გრუნტი, ახალი სიგრძივი არხები გაჩნდა.
უმთავრესი მიზეზი ამ ყველაფრისა კი, გზის შესაკეთებელი სამუშაოების დაგვიანება. როგორც არაერთხელ ვწერდით, სოფელ ჭანიეთში, საკრებულოს გადაწყვეტილებით, მრავალწლიანი თხოვნის შემდეგ, წელს უნდა მოხდეს ცენტრალური გზის დახვნა-გფვხვიერება-დატკეპნვა, მომავალ წელს კი კაპიტალური რემონტი დაიწყება. თუმცა ჯერ სამუშაოები არ დაწყებულა. როგორც მრავალჯერ გვითხრეს, მაისში უკვე უნდა დაწყებულიყო აღნიშნული პროცესი. „ახალი საგზაო ნიშნებით“ კი, რაც იძულებით გადადგმული არასწორი ნაბიჯია, ადვილი შესაძლებელია, ავარია მოხდეს და როგორც ტრანსპორტით, ისე ქვეითად მოსიარულემ, არათუ ღამით, დღისითაც კისერი მოიტეხოს.