თბილისის საქალაქო სასამართლომ ციხის ყოფილ თანამშრომლებს, რომლებსსაც მთავარი პროკურატურა პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ედავება, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
კერძოდ, წარდგენილი ბრალის მიხედვით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, ოლეგ ფაცაციას, ნუგზარ მარღიას, მალხაზ ღვინიაშვილის, ზაზა ხარაიშვილის, ვახტანგ გუგუციძის, დავით ჩიხლაძის და დავით ნოზაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას და არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას. დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პატიმრებს #8 დაწესებულებაში შესახლებისას, განურჩევლად უსწორდებოდნენ ძალადობრივი მეთოდებით, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ პერიოდშიც ამავე პატიმართა მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რისი მიზანიც იყო მათი უსიტყვო მორჩილება.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები – მალხაზ ღვინიაშვილი, ნუგზარ მარღია, ზაზა ხარაიშვილი, ვახტანგ გუგუციძე, დავით ჩიხლაძე და დავით ნოზაძე გუშინ დააკავეს, ხოლო ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ოლეგ ფაცაცია, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე 600-მდე ყოფილი და ამ ჟამად პატიმრობაში მყოფი პირია გამოკითხული.
ბრალდებულთა ადვოკატებმა დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების გათავისუფლებაზე იშუამდგომლეს, მათ ასევე ყურადღება გაამახვილეს ზოგიერთი დაკავებულის ჯანრთელობის მდგომარეობაზე. თუმცა მათი მოთხოვნები სასამართლომ არ დააკმაყოფილა.