ევროსასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლის ჩხრეკის და ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ფაქტს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა.
„კატეგორიულად დაუშვებელია ნებისმიერ მოსამართლეზე ზეწოლა მისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე. ჩვენ გავეცანით ოჯახის წევრების განცხადებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საქმეში არ გაჩნდეს არც ერთი კითხვის ნიშანი რაიმე ფორმით და აქედან გამომდინარე, ჩვენ აღნიშნული საქმის მიმდინარეობას ყველა ეტაპზე უკიდურესად დიდი ყურადებით დავაკვირდებით“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, შსს-ს ინფორმაციით, ოპერატიული შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკისას, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას სახლიდან სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღეს.