საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ლანჩხუთშიც აღნიშნავენ. ადგილობრივ ხელისუფლებას, წლების წინ დამკვიდრებული ტრადიციისთვის არც ამჯერად უღალატია და საზეიმო ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ სკვერში სპორტული აქტივობებით დაიწყო. შემდეგ კი 1918-1921 წლებში საქართველოს მთავრობის მეთაურის, ნოე ჟორდანიას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს. სამხატვრო სკოლის აღსაზრდელებმა ასფალტიც მოხატეს.
დამოუკიდებლობის დღისადმი ლანჩხუთში მიძღვნილი ღონისძიებების ბოლო აკორდი იქნება საზეიმო კონცერტი, რომელიც დღის ბოლოს, კულტურის სახლში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებების მიმდინარეობის პარალელურად ქალაქის ცენტრში დასრულებული არ იყო სადღესასწაულო ბანერების გაკვრა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები აქტიურ სამუშაო პროცესში იმყოფებოდნენ.
რიგით ლანჩხუთელებს თვალში არც ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაკრული ბანერი მოსდიოდათ.
„შარშან ბევრად უკეთესად იყო აქაურობა მოწყობილი, წელს ძალიან უღიმღამოდაა ყველაფერი“, _ ამბობდნენ სკვერში შეკრებილი მოქალაქეები.