დამოუკიდებლობის დღე ლოზუნგით _ “მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ” ქალაქ ოზურგეთში პომპეზურად აღინიშნა.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, გურიის მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ხელისუფლების პირველმა პირებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმში მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვეფხისტყაოსნის თემატიკა და მისი პერსონაჟები თანამედროვე ინტერპრეტაციებით გააცოცხლეს. მერაბ ბერძენიშვილის სახელობის სახვითი ხელოვნების ცენტრში გურიის რეგიონის მხატვართა VI საგაზაფხულო გამოფენა მოეწყო, ქალაქის თეატრალურ მოედანზე გამოფენილი იყო მძიმე ტექნიკა, მოეწყო ვეფხისტყაოსნის თემატიკის ნამუშევრების გამოფენა და სხვადასხვა თეატრალური პერფორმანსი. გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი და სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი. კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა სხვადასხვა ინდივიდუალური ნომრები წარმოადგინეს.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საღამოს გალა კონცერტით გაგრძელდა. კონცერტის დაწყებამდე შეკრებილ მაყურებელს ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ მიმართა:
”26 მაისი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. წელს დამოუკიდებლობის დღესთან ერთად განსაკუთრებულად აღვნიშნავთ ვეფხისტყაოსნის 850 წლის იუბილეს. როგორც იცით, 2017 წელი პრემიერმა შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. სწორედ ამიტომ არის დღევანდელი დღის ლოზუნგი “მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ” და ქართველებს ნამდვილად გვაქვს საამაყო, რომ ჩვენ ვართ ქვეყნიდან, სადაც დაიბადა შოთა რუსთაველი.”
გალა-კონცერტზე ანრი ჯოხაძემ, სოფო ბედიამ, ნინი ბადურაშვილმა და ჯგუფმა _ “ალეგრო” იმღერეს. 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
(R)